ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 17 წელში 4,3 მლრდ ბარელი ნავთობი გადაიქაჩა

ექსპლუატაციაში გაშვებიდან, ანუ 2006 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენმა მსოფლიო ბაზრებზე 4,3 მლრდ ბარელი ნავთობი, მათ შორის, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთში BP-ის ვიცეპრეზიდენტ კოლინ ალანმა განაცხადა.

„ბთჯ მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტია, რომელიც უკვე 17 წელია, ფუნქციონირებს,” - აცხადებს კოლინ ალანი.

ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკიდან ნავთობის, ხოლო შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. ბთჯ-ით, ასევე, SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების, კერძოდ, ყაზახეთისა და თურქმენეთის როგორც ნავთობი, ისე კონდენსატი გადაიქაჩება.

ბთჯ-ის სიგრძე 1768 კმ-ია და მსოფლიოში ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. ის მთელ სიგრძეზე მიწაშია ჩამარხული, ხოლო უმაღლეს წერტილში, სადაც კავკასიის მთებს კვეთს, მილსადენი ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მილსადენის გამტარუნარიანობა დღეში ერთი მილიონი ბარელია, წელიწადში კი 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

ნავთობსადენის მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა, ხოლო სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. სამშენებლო სამუშაოების ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე პროექტში, დაახლოებით, 22 000 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 6 000 საქართველოში მუშაობდა. თურქეთში ბთჯ-ის მილსადენი BTC Co.-სახელით და ერთჯერადი ანაზღაურების ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია BOTAS-მა ააშენა.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ