ბიჭვინთის შემდეგ ახალი ათონი - სტალინის კიდევ ერთი აგარაკი შესაძლოა, რუსმა ოლიგარქმა შეისყიდოს

ბიჭვინთის შემდეგ რუსეთს სახელმწიფო აგარაკის ხელში ჩაგდება ახალ ათონშიც სურს, რა მიზნითაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამ ობიექტის უცნობი რუსი ოლიგარქისთვის მიყიდვას გეგმავს.

ახალი ათონის ტერიტორიაზე სტალინის სახელმწიფო აგარაკი 1947 წელს აშენდა, რომელიც ახალი ათონის მონასტერთან ახლოს მდებარეობს. ისტორიკოსების ცნობით, პროექტს კოდური სახელი, „ობიექტი N8 - მერცხლის ბუდე“ ეწოდა. 2015 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ ტურისტებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სტალინის 5 აგარაკი გახსნა. ეს ობიექტები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს კონტროლს ექვემდებარება.

დე ფაქტო მთავრობა რომ ახალი ათონის სახელმწიფო აგარაკს ყიდის, ამის დასადასტურებლად აფხაზური ოპოზიცია სარეკლამო განცხადებას აქვეყნებს, რომელიც, მათი მტკიცებით, „კერძო ნაკვეთის გაყიდვის ტექსტით არის შენიღბული.“ კერძოდ, სარეკლამო ტექსტში ნათქვამია, რომ ქალაქ ათონის მისასვლელთან, ზღვიდან 400 მეტრსა და მთავარი გზატკეცილიდან 300 მეტრში 1300 კვადრატული მეტრ ფართობის ნაკვეთი იყიდება, ხოლო სურვილის შემთხვევაში ფართობის 400 კვადრატული მეტრით გაზრდა არის შესაძლებელი.

„ობიექტი ოდნავ შემაღლებულ ადგილზე, ზღვაზე ხედით თვალწარმტაც ბუნებაში მდებარეობს, სადაც პალმები და ეგზოტიკური მცენარეებია. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი, ტურისტებისთვის კი საყვარელი ადგილია,“ - წერია სარეკლამო განცხადებაში.

აგარაკის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა Telegram-არხ Respublica-მაც გაავრცელა, რომლის ცნობითაც, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აგარაკი უცნობ რუს ოლიგარქზე იყიდება.“

ეს ინფორმაცია ქალაქის მცხოვრებლების პროტესტის მიზეზი გახდა, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, 21 ნოემბრის ღამეს აგარაკის ღობის გარღვევით, მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს. ისინი აფხაზეთის ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ. ამას ადგილზე დე ფაქტო შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოჰყვა.

ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოსახლეობასთან პირობა დადო, რომ „ეს ქონება არ გასხვისდება, იჯარით არ გაიცემა და არც გაიყიდება.“ თუმცა აქტივისტებმა გადაწყვიტეს, რომ 22 ნოემბერს შექმნიდნენ კომისიას, რომელიც დე ფაქტო პარლამენტისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართვის ტექსტს მოამზადებდა.“

ცნობისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე საზღვაო აკვატორიის რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადაცემას გეგმავს. რუსული მხარე დე ფაქტო პარლამენტისგან ამ ხელშეკრილების რატიფიკაციას უცვლელად მოითხოვს და მასში ცვლილებების შეტანაზე მხოლოდ ცალკე დადგენილების მიღებას სთანხმდება.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ ბიჭვინთის პარკი რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეს, რომელიც „მზარდი გეოპოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რისკების“ ფონზე აფხაზეთისთვის უსაფრთხოების გარანტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ