ფიზიკურ პირებს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი თანხა და ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ

ფიზიკურ პირებს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი თანხა და ასევე, მასთან დაკავშირებული ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. საუბარია 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილ თანხებზე.

„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს.

ინიციატორთა ინფორმაციით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების უმეტესი ნაწილი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, წყლის მოპოვების პროცესის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოს ჩატარებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფინანსური რესურსის მოძიება და გამოყენება ვერ შეძლეს.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, პირებს ფაქტობრივად მოქმედი ბიზნესი არ გააჩნიათ, გარკვეული ნაწილი საქმიანობის ლიცენზიას აღარ ფლობს, ხოლო რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან გაუქმებას.

„იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით, პირებს ფაქტობრივად მოქმედი ბიზნესი და მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღების, მისი მოპოვებისა და ჩამოსხმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითი-დღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა“, - აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.