„საქართველოში ჩამოსული რუსები მთლიანად მოედნენ ტურიზმის სფეროს“

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე საქართველოში 25 333 რუსული კომპანია ან ბიზნეს სუბიექტია რეგისტირებული, საიდანაც 22 582-ის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „ლელომ“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“„ტრეფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, რუსული ბიზნესსუბიექტებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება ტურისტულ სექტორში, რადგან ამ ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმა მარტივია. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები მთლიანად მოედნენ ტურიზმის სფეროს.

„ტურიზმის ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ ადვილია, რადგან შეიძლება ოფისის გარეშეც კი დაიწყო ოპერირება. ამიტომაც ვთვლი, რომ საქართველოში რეგისტრირებული რუსული ბიზნეს სუბიექტების საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება ამ სექტორში. ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა აქ ჩამოსულმა რუსებმა დაიწყეს რუსულ ენაზე ტურების შეთავაზება თავიანთი თანამოქალაქეებისთვის, ამას გარდა, უკვე აქვთ შიდა ტურები საქართველოს მასშტაბით, ექსკურსიები რუსულენოვანი ბავშვებისთვის და ა.შ. ახლა უკვე გამყვან ტურებზეც დაიწყეს მუშაობა და თავიანთ თანამოქალაქეებს სთავაზობენ ახალგაზრდულ ბანაკებს მაგალითად, შრი-ლანკაში, ინდოეთში. არათანაბარ კონკურენციაში შემოდიან ადგილობრივ ბიზნესთან და აბსოლუტურად მთლიანად მოედნენ ტურიზმის სექტორს - შემოყვანასაც და გაყვანასაც,“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

მანვე „საქმეში“ სტუმრობისას „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის განხილვებიც პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს. ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებს ახალი ვალდებულებები გაუჩნდებათ. მათ შორის, სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და ანგარიშზე საგარანტიო თანხის ქონა, რაც განისაზღვრება ტურისტული პაკეტების დაგეგმილი წლიური მოცულობის 7%-ით.

როგორც ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, ეს კანონი ეხება ადგილობრივ ბიზნესსაც და ტურიზმის სფეროში ჩართულ პირებს დამატებითი ბარიერების გადალახვა მოუწევთ, რაც ახლა, როცა ბიზნესი სტაგნაციაშია, საკმაოდ რთული იქნება.

„ამ გაჭირვებულ სიტუაციაში, როცა შემცირებულია ტურისტების რაოდენობა, ბიზნესი ვერ ახდენს იმდენი შემოსავლის გენერირებას, რომ სტაბილურობის განცდა ჰქონდეს, ნებისმიერი დამატებითი ბარიერი, ფინანსური წნეხი, ხელს შეუშლის, რომ ოპერირება გააგრძელოს.

ტურისტულ ბაზარზე წლევანდელ სეზონზე დატვირთვა იყო საშუალოდ, დაახლოებით 40-45%, 2018-2019 წლებთან შედარებით, რომელიც საუკეთესო წლები იყო საქართველოში. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან კი არ წაადგება საქმეს, არამედ პირიქით,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

თაია არდოტელი