„როსნეფტი“ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ საწვავის უბაჟო ექსპორტს იწყებს

რუსეთის მთავრობა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ საექსპორტო გადასახადების გაუქმების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას RBC ავრცელებს.

რუსეთმა მოქნილი საექსპორტო გადასახადი 1-ლი ოქტომბრიდან აამოქმედა, რომელიც, სასუქის გარდა, საქონლის ფართო ჩამონათვალზე ვრცელდება და რუბლის კურსის მიხედვით 4-7%-მდე ვარირებს, ხოლო თუ დოლარზე გაცვლითი კურსი 80 რუბლს ჩამოსცდა, გადასახადი ნულდება. ზომა დროებითია და 2024 წლის ბოლომდე მოქმედებს, რაც, ფედერაციის მთავრობის განცხადებით, ფასების ზრდისგან შიდა ბაზრის დაცვას ისახავს მიზნად.

აფხაზეთისთვის და „სამხრეთ ოსეთისთვის“ საექსპორტო გადასახადების გაუქმება საქონლის ფართო სპექტრს, მათ შორის, ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბიტუმიან (ფისოვან) ნივთიერებებსა და მინერალურ ცვილებს შეეხება.

ასევე, მთავრობა „როსნეფტსა“ და მის შვილობილ კომპანიებს ექსკლუზიურ უფლებას მიანიჭებს, რუსეთიდან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ნავთობპროდუქტები ექვსი თვის განმავლობაში საექსპორტო გადასახადის გარეშე გაიტანონ.

ფედერაციის მთავრობის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთვარი ამოცანა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საცალო ბაზარზე საავტომობილო საწვავის ფასების არასტაბილურობის შემცირება და მოსაზღვრე რუსული რეგიონების შიდა ბაზრის ფასებთან მათი დაახლოებაა. ამასთან, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ამ კუთხით უფრო მეტად დაუახლოვდებიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომლის ფარგლებშიც საექსპორტო გადასახადები არ მოქმედებს.

RBC წერს, რომ საბაჟო გადასახადების არარსებობის შემთხვევაში რუსული ნავთობკომპანიები, მათ შორის, „როსნეფტი“ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისთვის“ დიზელის საწვავის მიწოდებასაც კი შეძლებენ, რომელზეც რუსეთში ამ ეტაპზე საექსპორტო აკრძალვა მოქმედებს.

რუსეთსა და საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონს შორის ვაჭრობის ე.წ. სამთავრობათაშორისი შეთანხმება მოქმედებს, რომლის საფუძველზეც ორივე რეგიონს ნავთობპროდუქტების მთელ მოცულობას „როსნეფტი“ აწვდის. რუსი ექსპერტების შეფასებით, რუსეთი მათთვის დიზელის საწვავის მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებშიც შეძლებენ, რადგან დიზელის საწვავის ექსპორტის ამჟამინდელი აკრძალვა სამთავრობათაშორის შეთანხმებებს არ ეხება, იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ საწვავი რკინიგზით მიეწოდება, რაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ აკრძალულია.

2012 წელს დადებული ე.წ. სამთავრობათაშორისი ხელშეკრულებების ფარგლებში, რუსეთიდან აფხაზეთში მიწოდების დაგეგმილი მოცულობა 103 ათას ტონა AI-92 და AI-95 ბენზინს, ასევე, 30 ათასი ტონა დიზელის საწვავს შეადგენს, ხოლო „სამხრეთ ოსეთს“ 8 ათასი ტონა ბენზინი და 1,1 ათასი ტონა დიზელი მიეწოდება.

ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო, რაც აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთსაც“ ეხება. 6 ოქტომბერს შეზღუდვები მხოლოდ მილსადენებით დიზელის საწვავის საზღვაო პორტებში ექსპორტზე გაუქმდა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც შიდა ბაზარს წარმოებული დიზელის, მინიმუმ, 50%-ს აწვდიდნენ. შემდეგ, 17 ნოემბრიდან მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვაც გააუქმა, ხოლო დიზელის ძირითად ექსპორტზე ძალაში დატოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ