ბათუმში "სოკარის" წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "სოკარის" პრეზიდენტ როვგან აბდულაევთან ერთად ბათუმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას დაესწრო.

ოთხსართულიანი შენობის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს დაიწყო. შენობა აღჭურვილია თანამედროვე საოფისე ფართებით, ტექნიკური და შეხვედრების ოთახებით, სასტუმრო ნომრებით და სხვადასხვა დანიშნულების ფართობებით. ოფისს ასევე გააჩნია აუზი, ფიტნესი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი სივრცეები.

კომპანიის ინფორმაციით, შენობა, რომელიც არქიტექტორმა რაუფ ხიდიროვმა დააპროექტა, ნეოკლასიკური სტილიდანაა აღებული და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორც "სოკარის" პრეზიდენტმა, როვგან აბდულაევმა ოფისის გახსნაზე განაცხადა, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნა ორ სახელმწიფოს შორის ბიზნესთანამშრომლობისა და ბიზნესის გაფართოების მაგალითია.