რატომ გვაქვს საქართველოში ბოსტნეულის დაბალი მოსავლიანობა

საქართველოში ბოსტნეულის მოსავლიანობის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვლევამ, შეიძლება ითქვას, პესიმისტური განწყობა გააჩინა. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირსა (34,3 ტ.) და თურქეთზე (39,4 ტ.), ბევრად ნაკლებია მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა (26,6 ტ) და სომხეთის (28,8 ტ) საშუალო მოსავლიანობაზე. კვლევის ავტორებმა დაბალი მონაცემის ერთ-ერთ მიზეზად მეურნეობების სიმცირე დაასახელეს. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია დარგში მომუშავე ერთეულების გამსხვილება, სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის კეთება, რაც დიდი ფერმების შექმნასა და მცირე მეურნეობების წილის შემცირებას გულისხმობს. თუმცა ამ აზრს არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს. თუ რატომ, ამის საფუძველი დღევანდელ სტატისტიკაშიც არის: სომხეთი, რომლის სოფლის მეურნეობა საქართველოსას საშუალო მოსავლიანობით თითქმის 3-ჯერ უსწრებს, "ბიზნესის კეთების" რეიტინგის მიხედვით მე-40 ადგილის ქვემოთაა მსოფლიოში, საქართველო კი მე-7 ადგილზეა. მაშინ, რაშია საქმე, რატომ ვართ ამდენად ჩამორჩენილი სოფლის მეურნეობის მოსავლიანობით, რით შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა? ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით გიორგი ბადრიშვილს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევითი ცენტრის უფროსს, აგრეთვე მერაბ ჩიკვაიძეს, წყალტუბოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვლევ-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს.

გიორგი ბადრიშვილი:

- დიდი ხანია ბოსტნეულ კულტურებს ვიკვლევ, ნაწილობრივ, გამოცდილება მაქვს ამ კულტურების ექსპორტის საქმეშიც და უნდა გითხრათ, რომ მსგავსი სტატისტიკა ხშირად დამაბნეველია. მათში არ არის გათვალისწინებული ქვეყნის რელიეფი, რომელიმე კულტურისთვის უპირატესობის მინიჭება და ა.შ. ამას წინათ, ერთ სტატისტიკურ მონაცემებს ჩავხედე და ვნახე, რომ საქართველოში 1 ჰექტარზე სიმინდის საშუალო მოსავლიანობა თურმე 1,3 ტონაა, მაშინ, როდესაც ჩვენს ზოგიერთ მესიმინდეს 1 ჰექტარზე 10 ტონა სიმინდი მოჰყავს. არის სხვა ფაქტორიც: როდესაც საქართველოში უპირატესობას ვანიჭებთ ვაზს, იმ ადგილებში, სადაც ზვრები გვაქვს, ცხადია, ბოსტნეულ კულტურებს ვრცელ ფართობებზე ვერ დავთესავთ, რის გამოც ბოსტნეული კულტურების საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ბოსტნეულს უფრო დიდ ფართობებზე თესავენ და სადაც ისინი წამყვანი კულტურებია.

- სომხეთში სახნავ-სათესი მიწა ჩვენზე ნაკლები აქვთ, მაგრამ მაქსიმალურად ათვისებულია, ჩვენთან კი, ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ ნახევარზე ითესება.

- ეს ხელწამოსაკრავი საკითხი არ არის, მას სერიოზული ფაქტორები განაპირობებენ. მაგალითად, ის, რომ ადამიანს სურს ნაშრომმა შემოსავალი მოუტანოს, ეს კი ძალიან ძნელია, რადგან მის პროდუქციას ბაზარზე გაცილებით იაფი პროდუქცია ხვდება, რომელთანაც კონკურენციას ვერ უძლებს. მაგალითად, თურქული პამიდორი გაცილებით იაფია ქართულზე. ამიტომ გაუყიდავი რჩება, მეწარმე ხომ იმის მიხედვით ადებს ფასს, რა რესურსი და შრომა ჩადო მის მოყვანაში. საქართველოში შემოტანილი თურქული პამიდორი გაცილებით იაფია, ვიდრე იგივე პამიდორი თურქეთში, რაც თავად უკვირთ თურქ მეწარმეებს. ეს იმას განაპირობებს, რომ ქართული სასოფლო პროდუქცია უფასურდება და ბევრი გლეხი თუ ფერმერი მის წარმოებაზე უარს ამბობს.

- თუმცა ბაზარზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, რაც კარგია, მაგრამ საქმეს არ შველის.

- როგორ არ შველის? პროდუქტი, რომელიც მეწარმეს საზღვარგარეთ უნდა გაეტანა და ამისთვის უამრავი პროცედურა გაევლო, ურჩევნია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს. ამით საბაჟო პროცედურებსაც აუვლის გვერდს და დროსაც არ დაკარგავს.

- ბატონო გიორგი, მთლიანად გარემო ფაქტორებისთვისაც არ შეიძლება გადაბრალება. შეგახსენებთ ჩვენს ერთ-ერთ სტატისტიკას: საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ბაღჩეული კულტურებით მიღებული შემოსავალი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთშია, - კარტოფილის ზონაში, თუმცა სტატისტიკურად ბევრად მეტი სომეხ მოსახლეობაზე მოდის, ვიდრე ქართულზე. გამოდის, შრომით კულტურებშიც გვაქვს განსხვავება.

- რატომ უფრო სამცხე-ჯავახეთში და არა კახეთში? სოფლის მეურნეობიდან კახეთშიც გვაქვს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, უბრალოდ, სამცხეში სხვა კულტურაა, კახეთში კი სხვა. მთავარია, როგორ ვყიდით. მეტსაც გეტყვით: უმეტესად, სადაც მცირე ანუ შინა მეურნეობაა, იქ უფრო მეტია 1 ჰექტარზე შემოსავალი, ვიდრე დიდი ფართობების 1 ჰექტარზე. იმიტომ, რომ შინა მეურნეობაში მცირე ფართობზე ადამიანი უფრო ცდილობს მოსავლის მაქსიმუმის მიღებას, დიდ ფართობებზე კი მეტი დანაკარგია. თუმცა საბოლოო ჯამში მსხვილ მეურნეობაში უფრო მეტი მოსავალი მოდის.

- საინტერესო რამ თქვით, კვლევებში მითითებულია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მცირე მოსავლიანობის მიზეზი მცირე მეურნეობა და მსხვილი ბიზნესის უქონლობაა, თუმცა სტატისტიკურად პროდუქტს უფრო მცირე მეურნეობები იძლევა...

- თუ ასეთი სტატისტიკების მიზანი იმის თქმაა, რომ ჩვენი მეურნეობები უნდა გამსხვილდეს, მე ვიტყვი, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს მცირე მეურნეობებიც, სადაც მოსავლიანობით დაინტერესება ძალიან დიდია. განაგრძეთ კითხვა