თაღლითობა ლარის კურსით

პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის ჩაბარების ფასი, სხვა სავალუტო ჯიხურებთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი 2.06 ლარია.

ვალუტის ასეთი კურსი ხშირად დიდი პრობლემა ხდება მოქალაქეებისთვის. ასეთი პრობლემის თაობაზე მოგვმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ლიზა მაღრაძემ, რომელიც შემდეგს გვიყვება: "მინდა ერთ შემთხვევაზე მოგიყვეთ და თუ გულისხმიერებას გამოიჩენთ და დაინტერესდებით, ძალიან ბევრ ადამიანს გადაარჩენთ. პუშკინის 6 ნომერში არის ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხური, რომელიც ხალხს აყაჩაღებს. ქუჩის ჩაყოლებაზე ყველგან დოლარის დახურდავება 2,36-ზეა, ამ ჯიხურში კი დოლარს 2,06 ლარად ახურდავებენ. თან ეს კურსი ისე აქვთ, თუ არ იცი, ვერც კი მიხდები. გუშინ 200 დოლარი დავახურდავე და 407 ლარი მომცეს, როცა უნდა ამეღო 476 ლარი, ანუ 65 ლარი დამაკლეს. დიდი პანიკის მიუხედავად და საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, თანხა არ დამიბრუნეს. ჩემი იქ ყოფნის დროს 3 ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ასეთი თაღლითური ჯიხურები ქალაქის ყველა უბანშია. პოლიციამ აქეთ დამადანაშაულა და დაკავებით დამემუქრა. ძალიან გთხოვთ, ისედაც გაჭირვებულ ხალხს იქნებ რამით დაეხმაროთ".

ლიზა მაღრაძის ინფორმაციის გადასამოწმებლად, პუშკინის ქუჩაზე მდებარე აღნიშნულ სავალუტო ჯიხურს ვესტუმრეთ. დოლარის გასაყიდი ფასი რეალურად მართლაც 2.06 ლარს შეადგენს. როგორც ჯიხურის წარმომადგენელმა გვითხრა, ეს სავალუტო ჯიხურის გადაწყვეტილებაა და ამის უფლება აქვთ. რაც შეეხება მოქალაქის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, როგორც ჯიხურში აღნიშნავენ, ვალუტის გადახურდავების წინ ყოველთვის ხდება მოქალაქეების ინფორმირება.

"მოქალაქეების ცუდად გახდომასა და პატრულის გამოძახებაზე არაფერი ვიცი. ჩემი მუშაობის დროს ასეთი რამ არ მომხდა", - გვითხრა სავალუტო ჯიხურის გამყიდველმა. თავის მხრივ, სავალუტო ჯიხურის მენეჯერმა ჩვენთან დაკავშირების პირობა დადო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურებს ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსთან შედარებით 5%-იანი მარჟა აქვთ, ანუ შეუძლიათ 5%-ით მეტი ან ნაკლები დააწესონ.

"სავალუტო ჯიხურებში კურსს ზოგადად ბაზარი არეგულირებს. თუ ერთ სავალუტოში მიდის მომხმარებელი და ხედავს, რომ დაბალი კურსია, შეუძლია რომ არ ჩააბაროს იქ. თუ თაღლითურად ხდება და ვინმე ვინმეს ატყუებს, ეს კრიმინალის თემაა. ხოლო თუ 5%-ს გაცდა, ეს ისჯება ჯარიმით და საქმიანობის შეჩერებითაც კი. თუ კანონის ფარგლებშია კურსი, ეს უკვე მომხმარებლის გადასაწყვეტია, რომელ სავალუტო ჯიხურს მიმართოს. გარეთ რა კურსიც არის გამოკრული, უმჯობესია ის ადგილზეც გადამოწმდეს, რათა მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ლექსო ნაბახტეველი