ქვეყანაში კოვიდვაქცინა არ არის - ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ის ახლა საფრთხეს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის არ წარმოადგენს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში რაღაც საშიშროება კორონავირუსის გააქტიურების ან ახალი მუტაციის გამოჩენის არ არის.
„ბოლო ორი კვირაა, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ეს არ ნიშნავს, რომ არ არის, მაგრამ ძალიან ცოტაა. თუ გადავხედავთ მსოფლიოს სტატისტიკას, სწორედ, წინა კვირა იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების თვალსაზრისით და მსოფლიოში 24 ნოემბერს 15 000 ათასი შემთხვევა გვქონდა კორონავირუსის მხოლოდ, მაშინ როცა საქართველოში ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 26 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამ თვალსაზრისით, რაღაც საშიშროება ამ ვირუსის გააქტიურების ან ახალი მუტაციის გამოჩენის უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ არის.
კოვიდვაქცინა ქვეყანაში არ არის, კორონავირუსის გავრცელების აქტუალურობიდან გამომდინარე, ახლა ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ის ახლა არ წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის, ისე როგორც მთელ მსოფლიოში. ის, რომ ვაქცინაციას არ ვაკეთებთ, ვაწარმოებთ, აქტიური რეკლამირება და პროპაგანდა ამ ვაქცინის არ მიმდინარეობს, აბსოლუტურად სწორია, ახლანდელი მდგომარეობა არ საჭიროებს ამ მხრივ პრევენციას. პრევენცია, შეიძლება იყოს ზოგადი, ყველა ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიების რეკომენდაციით, ისევ და ისევ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა, პირადი ჰიგიენის დაცვა და ა.შ., მაგრამ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.