კრისტინ ლაგარდი: ჩემმა შვილმა არ დამიჯერა და კრიპტოაქტივებში ყველა ინვესტიცია დაკარგა

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა აღიარა, რომ მისმა შვილმა, დედის უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, კრიპტოაქტივებში, „თითქმის, ყველა” ინვესტიცია დაკარგა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ზოგადად, კრისტინ ლაგარდი დიდი ხანია, კრიპტოვალუტას აპროტესტებს და მათ „სპეკულაციურს, უსარგებლო ინსტრუმენტს“ უწოდებს, რომლებსაც, მისი შეფასებით, ხშირად კრიმინალები უკანონო საქმიანობისთვის იყენებენ.

„მან მეფური თვითდაჯერებულობით დამაიგნორა, რაც მისი პრივილეგიაა და დაკარგა, თითქმის, მთელი ფული, რაც კი ჩადო,” - განაცხადა ლაგარდმა ფრანკფურტში სტუდენტებთნ შეხვედრის დროს.

მართალია, თანხა დიდი არ იყო, მაგრამ, ლაგარდის თქმით, მისმა შვილმა ყველაფერი, დაახლოებით, 60% დაკარგა.

„როცა ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავესაუბრე, ის ამჯერად უხალისოდ დამეთანხმა, რომ მართალი ვიყავი,” - იხსენებს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი.

მას 30 წლის ასაკის ორი ვაჟი ჰყავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მათგანს გულისხმობდა.

ევროპის ცენტრალური ბანკი კრიპტოაქტივების გლობალურ რეგულირებას ითხოვს. ეს უნდა გაკეთდეს როგორც მომხმარებლების დასაცავად, რომლებმაც რისკების შესახებ არაფერი იციან, ასევე, იმ ხვრელების ამოსავსებად, რომლებიც შესაძლოა, ტერორისტების დასაფინანსებლად ან კრიმინალების მიერ ნაღდი ფულის გასათეთრებლად იქნეს გამოყენებული.

სწორედ კერძო ვალუტის მიერ სამთავრობო ფულის შესაძლო ჩანაცვლებაზე შეშფოთება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს პროექტი წამოიწყო. თუმცა, Reuters-ის შეფასებით, ნებისმიერი ციფრული ფულის გამოშვებისგან ბანკი ჯერ კიდევ შორს არის და წლები სჭირდება.

ბანკმა ციფრული ევროსთვის „მომზადების ეტაპი” გასულ თვეში დაიწყო, თუმცა განაცხადა, რომ კიდევ ორი ​​წელი დასჭირდება იმის გადასაწყვეტად, დანერგოს თუ არა ის.

„როგორც ხედავთ, მე მეტად ცუდი შეხედულება მაქვს კრიპტოვალუტაზე. მართალია, ადამიანები თავისუფალი არიან საკუთარი ფულის დაბანდებაში, ასევე, თავისუფალი არიან სპეკულაციაში და რამდენიც უნდათ, იმდენი ისპეკულირონ, მაგრამ ადამიანებს სისხლის სამართლებრივ და სანქცირებულ ვაჭრობასა თუ ბიზნესში მონაწილეობის თავისუფლება არ უნდა ჰქონდეთ,“ - აცხადებს ლაგარდი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ