პროკურატურის სისტემაში პირველი, მეორე და მესამე რანგი წესდება

პროკურატურის სისტემაში პირველი, მეორე და მესამე რანგი წესდება. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის.

ამას “პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტის მიხედვით, რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

ამავე ცვლილებებით, პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ.

ასევე განისაზღვრება, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას გენერალური პროკურორი განსაზღვრავს. პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს.

გარდა ამისა, კანონის პროექტის თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, მათ შორის წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი შეუნარჩუნდება. პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი.