მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად მოთხოვნები მარტივდება - ცვლილებას პარლამენტში განიხილავენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით ლიცენზიის მაძიებელი მიკრობანკი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ვალდებული იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის ან მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, ვალდებულება ხდება დეტალური ინფორმაციის წარდგენაც მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების შესახებ, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

„მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებელს უწევს ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა, რაც ზოგჯერ პრაქტიკაში განუხორციელებელ მოთხოვნას წარმოადგენს და გაუმართლებელ ბარიერს შექმნის ლიცენზიის მოპოვების პროცესში. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების პროცესის დახვეწისა და გამარტივების თვალსაზრისით, მიზანშეწონილია კანონში შევიდეს ცვლილება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

თაია არდოტელი