2030 წლისთვის შუა დერეფანში ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 3,1-ჯერ გაიზრდება - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი 2030 წლისთვის შუა დერეფნის (Middle Corridor) გასწვრივ ტვირთის ტრანსპორტირების ზრდას 11,4 მლნ ტონამდე პროგნოზირებს, რასაც საკონტეინერო გადაზიდვები, ასევე, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდა განაპირობებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშში წერია, რომელიც „ინტერფაქს-აზერბაიჯანმა“ მოიპოვა.

მსოფლიო ბანკი წერს, რომ 2021 წელს შუა დერეფნის, კერძოდ, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 3,688 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო 2030 წლის პროგნოზით, ის 3,1-ჯერ გაიზრდება და 11,385 მლნ ტონას მიაღწევს.

ბანკის პროგნოზით, 2030 წლისთვის დერეფნის გასწვრივ მხოლოდ საკონტეინერო გადაზიდვის მოცულობა 4,074 მლნ ტონას მიაღწევს, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2,5-ჯერ აღემატება. პროცენტული მაჩვენებლით, 2030 წელს საკონტეინერო გადაზიდვების წილი შუა დერეფნის მთლიან გადაზიდვებში 35,8%-მდე გაიზრდება, მაშინ, როცა 2021 წელს 22,7% იყო.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება 2030 წლისთვის 3,553 მლნ ტონას მიაღწევს, რაც 2021 წლის მოცულობას 3,2-ჯერ აღემატება. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების წილი შუა დერეფნის მთლიან გადაზიდვებში 31,2%-მდე გაიზრდება, მაშინ, როცა 2021 წელს 30%-ს შეადგენდა.

ამდენად, ეს ორი სასაქონლო პოზიცია 2030 წლისთვის შუა დერეფნის სატვირთო გადაზიდვების 67%-ს უზრუნველყოფს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დერეფნის გასწვრივ ფერადი ლითონის ტრანსპორტირება 2,5-ჯერ, 943 ათას ტონამდე, ხოლო შავი ლითონის გადაზიდვა 3,4-ჯერ, 597 ათას ტონამდე გაიზრდება.

ამასთან, მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ანუ 2040 წლამდე შუა დერეფნით, ძირითადად, მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება მოხდება, შავი და ფერადი ლითონის წილი კი 2030 წლის დონეზე დარჩება. ბანკი, ასევე, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის ტრანსპორტირების ზრდას მოელის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ