ბერლინის ცენტრში ელექტროსკუტერების რაოდენობა შემცირდება

გერმანიის დედაქალაქის ცენტრიდან 2024 წლის მარტისთვის გაქირავების სერვისიდან 6 ათას ელექტროსკუტერს ამოიღებენ. ამდენად, ბერლინში 25 ათასის ნაცვლად 19 ათასი გასაქირავებელი ელექტროსკუტერი დარჩება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მიზეზი ტრანსპორტის ამ სახეობით ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობაა.

ივლისში საფრანგეთის Pitié-Salpêtrière AP-HP-ის საავადმყოფოს ტრავმების რეესტრის მკვლევარებმა, ასევე, სორბონის უნივერსიტეტისა და სამედიცინო კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ელექტროსკუტერის ტარება მოტოციკლზე უფრო საშიშია. კერძოდ, მათ ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაყვანილი 5 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ამ პერიოდში ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული ავარიები, თითქმის, 4-ჯერ გაიზარდა და მათი მომხმარებლები ავარიების 45,5%-ში სერიოზულად დაზიანდნენ, მაშინ, როცა მოტოციკლისტებისთვის დამაზიანებელი ავტოსაგზაო შემთხვევების 39,7% იყო.

ექსპერტების შეფასებით, ელექტროსკუტერის მძღოლები თავზე დაზიანებებს ორჯერ უფრო ხშირად იღებენ, რადგან ჩაფხუტს მათგან 25%-ზე ნაკლები პირი ატარებს. ელექტროსკუტერით მომხდარი ავარიის შედეგად რეანიმაციაში პაციენტების სამი მეოთხედი მოხვდა. ამასთან, დაზარალებულთა ჰოსპიტალიზაცია ხშირად გრძელვადიანი იყო და, საშუალოდ, 15 დღე გრძელდებოდა. პაციენტებს შემთხვევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ: მათ მოტეხილობებზე მკურნალობდნენ და ნეიროქირურგიული ოპერაციები უტარდებოდათ. შემთხვევების 9% ლეტალურად დასრულდა.

კვლევა ბერლინშიც ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მიტოვებული ელექტროსკუტერები მოქალაქეებს ქუჩებში ყოველ 77 მეტრში ხვდებათ. სკუტერების გადაჭარბებული რაოდენობა, რომლებსაც ხშირად არასწორ ადგილებზე ტოვებენ, ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ