აფბა: ეროვნული ბანკის ქმედებებმა ლარის დევალვაცია დააჩქარა

"აფბა" ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაციის მიზეზებს ეროვნული ბანკის ქმედებებში ხედავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა.

"ახალგაზრდა ფინანსისტები" მივიჩნევთ, რომ ეროვნული ბანკის ქმედებებმა ხელი შეუწყო და დააჩქარა ლარის დევალვაცია. რასაკვირველია, იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურებაში წვლილი მხოლოდ ეროვნულ ბანკს მიუძღვის, არ იქნება მართებული, იმ გარე შოკებისა და რეგიონში არსებული კრიზისების გათვალისწინებით, რომელიც გამოვიარეთ, მაგრამ ეროვნულ ბანკს ნამდვილად გააჩნდა ბერკეტები იმისთვის, რომ ლარის მსგავსი "ელვისებური" გაუფასურება თავიდან აეცილებინა. საკითხს თუ ძირეულად მივუდგებით და თემის განხილვას დავიწყებთ იმ მომენტიდან, როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, ნათლად დავინახავთ ეროვნული ბანკის არასწორ ქმედებებს. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო გასული წლის შემოდგომაზე, ამ პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტი მტკიცდებოდა. ბიუჯეტის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში ეროვნული ბანკი ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ბიუჯეტში შესატანია ცვლილებები. ეს მაშინ, როდესაც ბიუჯეტი ეროვნული ბანკის მიერ მიწოდებული პარამეტრების მიხედვით დგება. ამ ფაქტორმა უარყოფითი გავლენა იქონია ლარის კურსზე. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო ლარის დევალვაციას, რეზერვების საკითხია. ზამთრის პერიოდში, როდესაც "შოკის" ზღვარზე იყო ეროვნული ვალუტა, ეროვნულმა ბანკმა არ გახარჯა რეზერვები და სიტუაცია მიიყვანა შოკამდე. შემდეგ კი შოკის პერიოდში ის ახდენდა 40 მლნ ინტერვენციებს თვეში ერთხელ, რაც პრაქტიკულად შედეგს არ იძლეოდა და გაცვლითი კურსი არც კი იცვლებოდა. ასევე, მეტად საგულისხმო ფაქტია, თუ რა გათვლებს ემყარებოდა ეს 40 მილიონიანი ინტერვენციები და რატომ მაინცდამაინც თვეში ერთხელ, მაშინ როდესაც წინა წლებში სულ სხვაგვარად იქცეოდა ეროვნული ბანკი? ჩვენ თუ გავიხსენებთ წინა წლების პრაქტიკას, როგორიც იყო, მაგალითად 2008-2009 წლები, დავინახავთ, რომ მაშინ რადიკალურად განსხვავებულად იქცეოდა ეროვნული ბანკი და ყოველდღიურად ახორციელებდა 1-2 მილიონიან ინტერვენციებს, ეს კი, თავის მხრივ, სიტუაციის სტაბილიზებას ახდენდა", - აღნიშნა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ისიც, რომ ლარს დაგროვების ფუნქცია დუქვეითდა და ქვეყანაში დოლარიზაციის კოეფიციენტი 60%-ს აღემატება მაშინ, როდესაც წინა წლებთან შედარებით ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია.