სემეკის წევრი: GWP-ს ტარიფთან დაკავშირებით სემეკ-ის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" წყლის ტარიფთან დაკავშირებით სემეკ-ის გადაწყვეტილება შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა, რომელმაც დღეს წყლის ტარიფთან დაკავშირებით სემეკის გადაწყვეტილება განმარტა.

მისი თქმით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტარიფები დადგენილი იქნა 2010 წელს, შესაბამისად კომპანიას ჰქონდა უფლება წარმოედგინა მოთხოვნა ახალ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" შემოიტანა ახალი სატარიფო განაცხადი შარშან დეკემბერის ბოლოს, შესაბამისად კომისიამ შეისწავლა ყველა ის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ამ კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი. 5 თვის განმავლობაში სემეკ-მა იმუშავა დეტალურად, შეისწავლა თითოეული კომპონენტი ამ ტარიფის და წარმოადგინა ის დღევანდელ სხდომაზე", - განაცხადა გოჩა შონიამ.

სემეკი-ს წარმომადგენლის თქმით, რეალურად ამ გადაწყვეტილებით დატოვა მოქმედებაში ის ტარიფები, რომელიც დღეს ძალაშია. "კომპანიას ჰქონდა მოტივაცია, რომ მან ამ წლების განმავლობაში განახორციელა გარკვეული მოცულობის ინვესტიციები. თუმცა მოგეხსენებათ რომ ტარიფი არ არის მარტო ინვესტიციები, ის შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან, მათ შორის კაპიტალური დანახარჯებისგან, საოპერაციო დანახარჯებისგან, რაღაც ნაწილში ტარიფის შემადგენლობა გაიზარდა, რაღაცაში შემცირდა და საერთო ჯამში ის დარჩა უცვლელი", - განაცხადა შონიამ.

მისივე თქმით, კომპანიას მოთხოვნა ჰქონდა უფრო მეტ შემოსავალზე, თუმცა სემეკ-ის გაანგარიშებით მას მეტი არ ეკუთვნოდა. "კომპანიას უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს და შემდეგ უკვე სასამართლოში მოხდება მისი განხილვა", - დასძინა შონიამ.

თბილისში წყლის გადასახადი არ შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. სემეკ-ის დღეს მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.