რა კითხვებს აჩენს საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული  5 სახელმწიფო ქონების პრივატიზება - TI

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე განსახილველი 9 საკითხიდან, 5 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, მათგან 4 გარკვეულ კითხვებს აჩენს. კერძოდ:

1. ანონიმური პრივატიზება

განსახილველ საკითხებს შორის იყო პრივატიზების გადაწყვეტილება, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი: არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები.

2. შპს „დიღომი ჰესი“

20 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს „დიღომი ჰესს“ აღნაგობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო ქონება, რომლის აღწერა და პრივატიზების პირობები უცნობია. შპს „დიღომი ჰესის“ მეწილე და დირექტორი ტარიელ გიორგაძე ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია - მან პარტიას 60 000 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესწირა.

3. ფიზიკური პირი ვალერიან ნარიმანიძე

20 ნოემბერს მთავრობამ გადაწყვიტა გაატაროს გარკვეული ღონისძიებები ფიზიკურ პირ ვალერიან ნარიმანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად. უცნობია, რა ღონისძიებები იგულისხმება, რადგან შესაბამისი განკარგულება არ გამოქვეყნებულა. თუმცა, როგორც წესი, ასეთი განკარგულებები გულისხმობს დაკისრებული ვალდებულებების არ შესრულების პატიებას ანდა გადახედვას.

ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ მთავრობის 2019 წლის განკარგულებით, ვალერიან ნარიმანიძეს წლიური 5 050 ლარის სანაცვლოდ 25 წლით იჯარით გადაეცა 1 467 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც საპრივატიზაციო პირობად 2 წლის განმავლობაში 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტურისტული ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა იყო ჩადებული.

შესაბამისი განკარგულების გასაჯაროება აუცილებელია, რათა გავიგოთ რა იგულისხმება საქმიანობის ხელშეწყობაში და პატიობს თუ არა სახელმწიფო რაიმე შეუსრულებელ ვალდებულებას ვალერიან ნარიმანიძეს.

4. შპს „რეზო კვარაცხელია“

მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაიხედება შპს „რეზო კვარაცხელიას“ მიმართ არსებული პრივატიზების პირობები, თუმცა დეტალები უცნობი რჩება. შპს „რეზო კვარაცხელიას“ სახელმწიფო ქონება – 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი – ჯერ კიდევ 2012 წელს გადაეცა. 2018 წელს ქონება კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა, 2023 წლის 20 ნოემბერს კი მთავრობამ გადაწყვიტა კომპანიას გარკვეული, საზოგადოებისთვის უცნობი, შეღავათი შესთავაზოს.

„ყოველ ორშაბათს საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა სახელმწიფო ქონება გადასცეს პირდაპირი პრივატიზაციის წესით ამა თუ იმ კომპანიას ან ფიზიკურ პირს ან როგორ შეუმსუბუქოს სახელმწიფო ქონების შეღავათიანი პირობებით მიღებისას წარსულში აღებული ვალდებულებები. შედეგად, მიღებული განკარგულებები უკვე მესამე წელია არ ქვეყნდება, რის გამოც უცნობია, ვის რა ქონება რა პირობებით გადაეცემა ან ვის როგორ შეუმსუბუქდა საინვესტიციო პირობა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, რის გამოც ამ სფეროში გამჭვირვალობის არარსებობა დაუშვებელია“, - აცხადებენ TI-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობს მოთხოვნების შესაბამისად და უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერმინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე.

თამარ მუკბანიანი