ბოსფორის სრუტეში თურქეთის მოგება გახუთმაგდა

თურქეთმა ბოსფორის სრუტეში გემების გატარებით მიღებული მოგება ორი წლის განმავლობაში 35 მილიონიდან 185 მლნ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რასაც ადგილობრივი მედია ვარცელებს.

მისი თქმით, მოგების ასეთი ზრდა მონტრეს კონვენციის ბლოკ Gold Frank-ში შესრულებულმა განახლებებმა განაპირობა. კერძოდ, თურქეთმა 1-ელ ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გასავლელად გემებისთვის ახალი გადასახადები დააწესა. ახალი ტარიფებით თითო გემისთვის გადასახადებისა და მოსაკრებლების დონე ტონაზე 4,42 დოლარის ოდენობით განისაზღვრა, მაშინ, როცა მანამდე 4,08 დოლარს შეადგენდა, ანუ გადასახადი 8.3%-ით გაიზარდა.

1936 წლის მონტრეს კონვენცია ამ სრუტეებში გასავლელად შუქურის, გადაზიდვისა და სანიტარული ინსპექტირების გადასახადებსა და მოსაკრებლებს განსაზღვრავს. კონვენციის მიხედვით, გადასახადი ოქროს ფრანკის საფუძველზე გამოითვლება. ხელმოწერის დროს ოქროს ფრანკი 0,8 დოლარს გაუტოლდა, ხოლო კონვენციამ სრუტეებზე თურქეთის სუვერენიტეტი აღადგინა. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ოქროს ფრანკის საბაზისო ღირებულება ყოველი წლის ივნისის ბოლოს განაახლოს. ამდენად, ივლისში სავაჭრო გემის სუფთა ტონაჟზე ოქროს ფრანკის საბაზისო ღირებულება გადასახადებისა და მოსაკრებლების კოეფიციენტებით 4,42 დოლარით განისაზღვრა.

მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, თურქეთს შეუძლია, სრუტე მეომარი ქვეყნების გემებისთვის დახუროს, რაც არ ეხება იმ გემებს, რომლებიც სადგომზე ბრუნდებიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან თურქეთმა, მონტრეს კონვენციის შესაბამისად, თავისი სრუტე სამხედრო გემებისთვის ჩაკეტა და შავ ზღვაში ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემის გატარება უკრაინის ომის დასრულებამდე გამორიცხა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ