მედიკამენტების შესყიდვის პროცესში ახალი მექანიზმის - ე.წ. „მართული შესვლის შეთანხმების“ ამოქმედებაზე მთავრობის ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების შესყიდვის პროცესში ახალი მექანიზმის - ე.წ. „მართული შესვლის შეთანხმების“ - ამოქმედებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური (ახალი, ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

მართული შესვლის შეთანხმებების კატეგორიების და მისი ადმინისტრირების წესის განსაზღვრას კანონი მთავრობას ავალებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, ეს საშუალებას იძლევა, ინოვაციურ მედიკამენტებთან დაკავშირებული ხარჯები შემცირდეს და ქვეყანაში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა 83-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცა.