ევროზონაში ინფლაცია შემცირდა, უმუშევრობის დონე კი არ შეცვლილა

ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის წინასწარ ანგარიშში წერია.

თუმცა ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ნოემბერში, 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, ყველაზე მეტად, ანუ 0,5%-ით შემცირდა, მაშინ, როცა ოქტომბერში 0,1%-ით გაიზარდა. ყოველთვიურად ეს მაჩვენებელი ივლისის შემდეგ არ მცირდებოდა.

ამდენად, ინფლაცია ოქტომბრის 2,9%-დან ნოემბერში შენელდა და 2021 წლის ივლისის შემდეგი პერიოდის მინიმუმამდე შემცირდა. ეს პროგნოზირებულზე მეტი კლებაა, რადგან Trading Economics-ის ანალიტიკოსების კონსენსუს-პროგნოზი ინფლაციის 2,7%-მდე შენელებას ითვალისწინებდა.

ევროზონაში ენერგომატარებლებზე ფასები ნოემბერში, გასულ წელთან შედარებით, 11.5%-ით დაეცა. კლება ოქტომბრიდან გრძელდება, როცა ფასები, ასევე, 11.2%-ით დაეცა. სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქციაზე ფასთა ზრდა 7,4%-დან 6,9%-მდე, მომსახურებაზე კი 4,6%-დან 4%-მდე შენელდა.

სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით, ფასების ზრდა ნოემბერში, 2022 წლის აპრილის შემდეგი პერიოდის მინიმუმამდე, ანუ 3.6%-მდე შენელდა, მაშინ, როცა ოქტომბერში 4.2%-ს შეადგენდა. ამ მხრივაც ინფლაცია ბაზრის პროგნოზზე, ანუ 3.9%-ზე მეტად შენელდა.

რაც შეეხება უმუშევრობას, Eurostat-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში უმუშევრობა ევროზონაში 6,5%-იან მაჩვენებელზე დარჩა, რითიც ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდა, რომლებიც სექტემბრის დონიდან ინდიკატორის ცვლილებას არ მოელოდნენ. 2022 წლის ოქტომბერში უმუშევრობა 6.6%-ს შეადგენდა.

გასულ თვეში ევროზონაში უმუშევართა რაოდენობა 11,134 მლნ ადამიანს შეადგენდა, რაც სექტემბერთან შედარებით 48 ათასით მეტი, ხოლო 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, 28 ათასით ნაკლებია.

25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში უმუშევრობა სექტემბრის 14,6%-დან ოქტომბერში 14,9%-მდე გაიზარდა.

ევროზონის უმსხვილეს ქვეყნებს შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი, ანუ 3%-იანი დონე გერმანიაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, ანუ 12%-ს ესპანეთში მიაღწია. საფრანგეთში უმუშევრობამ 7.3%, იტალიაში კი 7.8% შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ