საქართველოში 2 086 საჯარო და 210 კერძო სკოლა ფუნქციონირებს - რამდენი მოსწავლეა ქვეყანაში

საქართველოში 2 086 საჯარო და 210 კერძო სკოლა ფუნქციონირებს - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

„2023/2024 სასწავლო წელს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებს (აღნიშნული საგნები სავალდებულოდ ისწავლება I, V და VI კლასებში) 166.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.1 პროცენტით ნაკლებია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება - 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება პედაგოგებს, საქსტატის მონაცემებით 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.