Smart City - თბილისის საცობებისგან გათავისუფლების გეგმა

20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა შეიმუშავეს სტრატეგია Smart City - თბილისის საცობებისგან გათავისუფლების გეგმა.

რამდენიმე თვის წინ თბილისს დუბლინელი ექსპერტები სტუმრობდნენ, რომლებიც თბილისის მერს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმას სთავაზობდნენ. თუმცა, ამ დრომდე გეგმის შესახებ არაფერია ცნობილი. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, დუბლინელი ექსპერტები კვალიფიციურ რეკომენდაციას ვერ გასცემენ, რადგან პრობლემის შესასწავლად ერთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდე თბილისში.

საგზაო მოძრაობის სამოქმედო გეგმის შესაქმნელად მერიაში ოთხი თვის წინ სპეციალური კომისიაც შეიქმნა. თუმცა, სამოქმედო გეგმის შესახებ კონკრეტული ნაბიჯები არც მაშინ გადადგმულა. დავით მესხიშვილის თქმით, გაუგებარია კომისია რა საჭირო იყო, თუ მერიას უცხოელი ექსპერტები ჩამოჰყავდა. მისივე თქმით, საქართველოში არსებობენ კვალიფიციური კადრები, რომლებსაც ხელეწიფებათ მსგავსი სტრატეგიის შექმნა. ამ მიზნით სამი თვის წინ ალტერნატიული კომისია შეიქმნა, რომელიც ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და პოლიციის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. კომისიამ სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა, სადაც მოცემულია მოკლე და გრძელვადიანი პროექტები: "თუ ამ სტრატეგიით ვიმოქმედებთ, დედაქალაქი განიტვირთება, თანაც ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს. გრძელვადიან პროექტში იგეგმება გმირთა მოედნის მოწესრიგება, სადაც ორდონიანი სამოძრაო უნდა გაკეთდეს. ეს პროექტი 2016 წელს განხორციელდება, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში მსგავსი პროექტებისთვის თანხა არ არის," - ამბობს მესხიშვილი.

მისივე თქმით, 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა შეიმუშავეს სტრატეგია Smart City - თბილისის საცობებისგან გათავისუფლების გეგმა, რომლის პირველ ეტაპად განისაზღვრა საცობების განმუხტვის პროექტის შექმნა. "მუშაობისას ჩვენ დავეყრდენით ევროპულ გამოცდილებას, ასევე კონსულტაციები გავიარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ჰოლანდია, საფრანგეთი). პროექტში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, რაც კი საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს. პროექტში განხილულია შემდეგი მიმართულებები: დასუფთავების სამსახური, დისტრიბუცია, სამგზავრო ტრანსპორტი, საპატრულო პოლიცია, საგზაო ნიშნები, პარკინგი და სხვ. ვინაიდან თბილისის მერიამ ვერ გადადგა ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი საცობების პრობლემის გადაჭრის საკითხში, ვთავაზობთ გამზადებულ პროექტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში დედაქალაქში საცობების განმუხტვა იქნება რეალობა და არა მითი. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება", - ამბობს bpn.ge-სთან საუბარში მესხიშვილი.

გაითვალისწინებს თუ არა დედაქალაქის მერი ქართველი ექსპერტების სტრატეგიას, თუ ფსონს მაინც დუბლინელებზე ჩამოვა, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი, თბილისი კვლავ საცობების ქალაქად რჩება.

სალომე გოგოხია