რუსეთი ნავთობის ექსპორტს დამატებით 500 ათასი ბარელით ისევ ამცირებს

რუსეთი ნავთობმიწოდების ნებაყოფლობით შემცირებას განაგრძობს და 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე დღეში დამატებით 500 000 ბარელამდე ისევ შეამცირებს. ამის შესახებ ფედერაციის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რასაც მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

ის განმარტავს, რომ ექსპორტის შემცირება მაისის და ივნისის საშუალო დონიდან გამოითვლება და დღეში 300 000 ბარელ ნავთობსა და 200 000 ბარელ ნავთობპროდუქტებს შეეხება.

Bloomberg წერს, რომ OPEC+-ის ქვეყნები დღიური ნავთობმიწოდების 1 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ასევე, საუდის არაბეთმა დღიური ნავთობმოპოვების 1 მილიონი ბარელით ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მომავალი წლისთვის გაახანგრძლივა. სააგენტოს თანამოსაუბრეებმა განმარტეს, რომ OPEC+-ის თითოეული ქვეყანა წარმოების დონეს დამოუკიდებლად გამოაცხადებს.

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთი, რუსეთი და OPEC+-ის სხვა ქვეყნები ნავთობის გლობალური მიწოდების 40%-ზე მეტს უზრუნველყოფენ, რაც დღეში, დაახლოებით, 43 მლნ ბარელს შეადგენს.

2022 წლის ოქტომბერში რუსეთი, საუდის არაბეთი და OPEC+-ის სხვა წევრები დღეში ნავთობმოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში OPEC+-ის ქვეყნებმა დღიური ნავთობმოპოვების, დაახლოებით, 1,16 მილიონი ბარელით შემცირება გამოაცხადეს.

ამასთან, რუსეთმა ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ნებაყოფლობითი შემცირება წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ასევე, გასულ თვეში რუსეთმა წლის ბოლომდე ექსპორტის ნებაყოფლობითი შემცირებაც გაახანგრძლივა, რაც დღეში 300 000 ბარელით ნაკლები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას გულისხმობდა. მაშინ საუდის არაბეთმა მოსკოვთან სინქრონულად დაადასტურა, რომ დღიური ნავთობმოპოვების 1 მლნ ბარელით შემცირებას წლის ბოლომდე გაახანგრძლივებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ