Siemens- ის ხელშეწყობით ქართული ელექტრო-საინჟინრო კომპანია „ინსტა“ წარმოებას აფართოებს

2015 წლის 15 მაისს, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარბაზში, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა გერმანულმა კომპანია სიმენსმა და ქართულმა კომპანია ინსტამ საშუალო ძაბვის გამანაწილებელი უჯრედების წარმოებასთან დაკავშირებით ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს. თბილისს ეწვივნენ სიმენსის წარმომადგენლები, რომლებმაც საშუალო ძაბვის გამთიშველ მოწყობილობებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც განხორციელდა ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა სიმენსისა და ინსტას მრავალწლიან პარტნიორობაზე, რომელმაც ახლა უკვე ახალ მიმართულებას მისცა განვითარების შესაძლებლობა. პრეზენტაციაზე ინსტამ ნიმუშად წარადგინა მის მიერ წარმოებული საშუალო ძაბვის კომპლექტური გამანაწილებელი უჯრედი, რომელიც აღჭურვილია სიმენსის მოწყობილობებით და ასევე დეტალურად იქნა გადმოცემული მისი დანიშნულება და ფუნქციონალი.

ელექტრო-საინჟინრო კომპანია ინსტა უკვე 17 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს. კომპანია უზრუნველყოფს ელექტრო სისტემების, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირებას და მონტაჟს, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის კონცეფციების შექმნას, პროგრამირებას, ექსპლუატაციაში გაშვებას და შემდგომ მომსახურებას. ინსტას სპეციალისტების გუნდი, რომელიც 100-მდე კვალიფიცირებული თანამშრომლისგან შედგება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოებს.

სიმენსის და ინსტას პარტნიორული კავშირი ტექნოლოგიური და ენერგოინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვალოს. ინსტა მუდმივად იზიარებს წამყვანი პარტნიორი კომპანიების მრავალწლიან გამოცდილებას, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს ყოველთვის თანამედროვე, ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქცია შესთავაზოს.

(R)