რუსი ტუროპერატორები აფხაზეთში ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას ითხოვენ

რუსეთის მსხვილი ტუროპერატორები აფხაზეთში ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას ითხოვენ, რასაც, მათი შეფასებით, ადგილობრივი კლიმატური პირობები და ღირსშესანიშნაობების დიდი რაოდენობა უწყობს ხელს. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

ამ მიზნით რუსმა ტუროპერატრებმა სოხუმში შეხვედრაც გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ აფხაზეთში, ძირითადად, პლაჟის ტურიზმი არის განვითარებული და ამიტომ ტურისტული სეზონი მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.

წელს აფხაზეთს დასასვენებლად და ექსკურსიებზე 1,3 მლნ ადამიანი ეწვია, რაც, 2022 წელთან შედარებით,150 ათასი ტურისტით მეტია. რუსული ტუროპერატორის, Intourist-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრ მუსიხინი აცხადებს, რომ წელს მისმა სააგენტომ აფხაზეთში ტურისტების გაგზავნა საგრძნობლად გაზარდა, რამაც, თითქმის 49 ათას დამსვენებელს მიაღწია.

„სსრკ-ის დროიდან მოყოლებული აფხაზეთი პლაჟზე დასვენების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა დასვენების სეზონი იქ მთელი წლით თუ არა, კიდევ უფრო უნდა გახანგრძლივდეს. ამისთვის სექტორში ადგილობრივი გადასახადები უნდა მცირდებოდეს, თანამშრომლების წახალისება ხდებოდეს და ზამთრის სეზონზე დასასვენებელი ობიექტები არ იხურებოდეს,“ - აცხადებს მუსიხინი.

აფხაზეთში ტურისტული სეზონის გახანგრძლივების სურვილს კიდევ ერთი მსხვილი რუსული კომპანია „პეგას ტურისტიკის“ გენერალური დირექტორი, ანა პოდგორნაია გამოთქვამს. მისი შეფასებით, აფხაზეთში, ზღვის გარდა, არის უნიკალური ადგილები, რომელთა მონახულებაც ტურისტებს ნებისმიერ სეზონზე შეუძლიათ.

„იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთი პატარაა, იქ ტურიზმის მთელი წლით განვითარების შესაძლებლობები შეუზღუდავია. მაშინაც კი, როცა სეზონებს შორის ცივა და ზღვაში ვერ ცურავ, აფხაზეთში ისეთი კლიმატია, რომ ხალხი იქ დასასვენებლად და ძალ-ღონის მოსაკრებად სიამოვნებით ჩავა,“ - აცხადებს პოდგორნაია.

მისი თქმით, ახალგაზრდა დამსვენებლების მისაზიდად აფხაზეთში სხვადასხვა ფორუმი უნდა ტარდებოდეს, რადგან იქ, ძირითადად, ის ტურისტები ჩადიან, რომლებიც აფხაზეთს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იცნობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ