ამჯერად რუსეთი სომხეთს სჯის და ათასობით მალფუჭებადი პროდუქტით დატვირთული სატვირთოს მიღებაზე უარს აცხადებს

რუსეთი უარს აცხადებს სომხეთიდან ათასობით სატვირთო მანქანის მიღებაზე. 30-ზე მეტ მათგანს, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტებით იყო დატვირთული, უარი უკვე ეთქვა შესვლაზე. ამ მიზეზით სომხეთის ხელისუფლებამ მოითხოვა სასწრაფო შეხვედრის მოწვევა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.

დაახლოებით ათასი სომხური მძიმე სატვირთო მანქანა, მათ შორის მალფუჭებადი პროდუქტებით დატვირთული, რუსეთში შესვლას ელოდება. ჯამში რიგში 2600-მდე მძიმე მანქანა დგას. მძღოლები ჩივიან, რომ რუსი მებაჟეები, მესაზღვრეები და ფიტოსანიტარიული კონტროლის ოფიცრები სამჯერ უფრო სწრაფად უშვებენ მანქანებს საქართველოდან და თურქეთიდან, ვიდრე სომხეთიდან.

„ჩვენ მოვიწვიეთ სასწრაფო შეხვედრა EAEU-ს ფარგლებში, რომელიც ორ დღეში ჩატარდება“, - განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა.

სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციის ორგანოს განცხადებით, „როსელხოზნადზორის“ მიერ 24-დან 26 ნოემბრამდე საკარანტინო მავნებლების გამოვლენის შემთხვევები წინა 11 თვესთან შედარებით 110-ჯერ გაიზარდა.

მოსკოვი უარყოფს მომხდარის პოლიტიკურ ფონს. ექსპერტები კი დიდი ხანია აფრთხილებდნენ, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ეკონომიკური ინსტრუმენტები სომხეთის დასასჯელად, რომელიც რუსეთის ორბიტას ტოვებს.

წლების წინ, ურთიერთობების გართულების ფონზე, რუსეთმა აკრძალვები პროდუქციის მიწოდებაზე საქართველოსაც დაუწესა - მაშინ ოფიციალურ მიზეზად პროდუქციის დაბალ ხარისხზე პრეტენზიები დასახელდა.

ეკა დარჩიაშვილი