თბილისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმი იმართება

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიების მონაწილეობით ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

ბიზნესფორუმი თბილისში არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმართება, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი სულთან ბის საედ ალ მანსური ხელმძღვანელობს.  ბიზნესფორუმი საქართველოს ეკონომიკსია და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრწეველო პალატის მხარდაჭერით იმართება. ფორუმი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. დაგეგმილია მონაწილეებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტების გაცნობა.

"საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი - პოლიტიკური, ვინაიდან ეკონომიკის მინისტრმა გამოთქვა საქართველოში ვიზიტის სურვილი და ორი დღის განმავლობაში დარჩება ჩვენს ქვეყანაში, რათა პირადად გაეცნოს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები. მეორე - თბილისში მასთან ერთად იმყოფება ბიზნეს დელეგაცია, რომელსაც კონკრეტული ინტერესები აქვს, მათ შორის პორტებთან მიმართებაში. ასევე, არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, წარმოების და კვებითი გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით. აქ იმყოფებიან ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესფორუმის დაწყებამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ორმხირივი შეხვედრები საქართველოდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან წარმოდგენილ კომპანიებს შორის. დაგეგმილია მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების და საწარმოების მონახულებაც.