ელექტრომობილი თუ ჰიბრიდი - რომელი უფრო სანდოა შიდაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით

ელექტრომობილის მფლობელები, შიდაწვისძრავიანი ან ჰიბრიდული ავტომობილის მფლობელებთან შედარებით, გაცილებით მეტ პრობლემას აწყდებიან - ამის შესახებ ავტომობილის სანდოობზე Consumer Reports-ის მიერ ჩატარებლი კვლევის ყოველწლიურ ანგარიშში წერია.

გამოკითხვა 330,000-ზე მეტი ავტომობილის მფლობელის პასუხს ასახავს. კვლევა 20 პოტენციურ პრობლემურ მხარეს მოიცავს, როგორიც არის ელექტროძრავა, ტრანსმისია, ბატარეები, გაჟონვა და საინფორმაციო-გასართობი, ანუ infotainment-სისტემები.

ელექტრორმობილები

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბოლო სამი სამოდელო წლის ელექტრომობილებს, შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, 79%-ით მეტი პრობლემა აღმოაჩნდათ.

Consumer Reports-ის ავტოტესტირების უფროსი დირექტორი, ჯეიკ ფიშერი აცხადებს, რომ „დღეს ელექტრომობილების უმეტესობას ძველი ავტომწარმოებლები აწარმოებენ, რომლებიც EV-ტექნოლოგიაში ახალბედები არიან და მასში კარგად ვერ ერკვევიან, ან აწარმოებენ კომპანიები, როგორიც არის, მაგალითად, Rivian და რომლებიც ზოგადად ავტოწარმოებაში ახლები არიან.“

„გასაკვირი არ არის, რომ მათ მზარდი პრობლემები აქვთ და შეცდომების გამოსასწორებლად გარკვეული დრო სჭირდებათ,” - აცხადებს ფიშერი.

მისი ცნობით, ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რასაც ელექტრომობილების მფლობელები აწყდებიან, ელექტროძრავას, დამუხტვის შიდა სისტემასა და ელექტრობატარეებს უკავშირდება.

რაც შეეხება Tesla-ს, რომელიც ელექტრომობილებს ათ წელზე მეტი ხანია, აწარმებს, ბრენდი Consumer Reports-ის სანდოობის რეიტინგში, თითქმის, შუა პოზიციაზეა. მის Model Y-ს, რომელიც 2020-ის სამოდელო წელს იქნა წადგენილი, Consumer Reports რეკომენდაციას მხოლოდ წელს აძლევს. მისი მფლობელები მანქანის ელექტროსისტემებზე, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებ პრობლემებს აფიქსირებენ. Consumer Reports-ის რეკომენდირებულის სტატუსით Model Y წელს Model 3-ს შეუერთდა.

„მართალია, Tesla-ც შედარებით ახალი კომპანიაა, მაგრამ მას ელექტრომობილების წარმოებაში გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ავტომწარმოებელს,“ - აცხადებს ჯეიკ ფიშერი.

Consumer Reports-ის საავტომობილო მონაცემების ანალიზის პროგრამის ხელმძღვანელი, სტივენ ელეკი ამბობს, რომ „მართალია, Tesla-ს ელექტრომობილის კომპონენტები ზოგადად საიმედოა, კომპანია მანქანების აწყობის ხარისხთან დაკავშირებით ბრძოლას განაგრძობს.“ მისი შეფასებით, „Tesla-ს ძალისმიერი აგრეგატები მეტწილად საკმაოდ მყარია, მაგრამ მანქანის მფლობელები აწყობის ხარისხზე ბევ პრობლემას ასახელებენ, როგორიც არის არათანაბარი შეღებვა, კარების სახელურები, რომლებიც არ მუშაობს და საბარგულები, რომლებიც არ იხურება.“

„ეს ყველაფერი ბრენდის სანდოობის რეიტინგს ამცირებს,” - აცხადებს სტივენ ელეკი.

ჰიბრიდული ავტომობილები

Consumer Reports-ის წლევანდელი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ჰიბრიდული ავტომობილი ყველაზე საიმედო მოდელად რჩება. მათ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით, არათუ მეტი, არამედ 26%-ით ნაკლები პრობლემები აქვთ. ეს მაშინ, როცა ჰიბრიდულ ავტომობილს როგორც შიდაწვის, ასევე, ელექტროძრავაც აქვს და, შესაბამისად, ჩვეულებრივ მანქანებზე უფრო მეტი პოტენციური პრობლემა უნდა ჰქონდეს.

„Toyota-მ ჰიბრიდული Prius, დაახლოებით, 25 წლის წინ გამოუშვა, რაც არცთუ ისე მცირე დროა. ზოგადად, ავტომწარმოებლები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებენ ჰიბრიდებს, რომ ამაში მართლაც კარგ შედეგს მიაღწიონ. ამასთან, ბევრი ჰიბრიდი დამზადებულია ისეთი მწარმოებლების მიერ, რომლებიც, მთლიანობაში, საიმედო მანქანებს აწარმოებენ და როგორიც არის, მაგალითად, Toyota, Hyundai და Kia,“ - ამბობს სტივენ ელეკი.

ჯეიკ ფიშერის შეფასებით, ჰიბრიდები ასევე არ არიან დატვირთული მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით არ არიან დატვირთლი, ამიტომ ისინი შესანიშნავი ვარიანტია მძღოლებისთვის, რომლებსაც საწვავის იდეალური ხარჯი უფრო აინტერესებთ, ვიდრე განახლებები.

„ეს მანქანები ტექნოლოგიური მიღწევების მოდელს სულაც არ წარმოდგენენ, ამიტომ მათ ნაკლები პრობლემები აქვთ,” - ამბობს ფიშერი.

Plug-in (დასატენი) ჰიბრიდული ელექტრომობილები

PHEVs, ანუ დასატენ ჰიბრიდულ ელექტრომობილებს აქვთ როგორც ბატარეა მოკლე დისტანციური მართვისთვის, ასევე, შიდა წვის ძრავა შორ მანძილზე სამოძრაოდ. ისინი Consumer Reports-ის ყველაზე ნაკლები საიმედოობის კატეგორიაში შედიან. დასატენ ჰიბრიდებს ჩვეულებრივ ავტომობილებზე 146%-ით მეტი პრობლემა აქვთ.

ჯეიკ ფიშერის შეფასებით, „PHEVs, ერთგვარად, ელექტრომობილისა და ჩვეულებრივი მანქანის საერთო სახეა, ამიტომ თავისი ბუნებით მასში ბევრი ისეთი რამ დევს, რაც შესაძლოა, არასწორედ ამუშავდეს.“

სტივენ ელეკი მაგალითისთვის ასახელებს Chrysler Pacifica-ს დასატენი ჰიბრიდული ელექტრომობილის ვერსიას, რომლის საიმედოობის ქულა საშუალოზე დაბალია და მოდელი Consumer Reports-ის მიერ არ არის რეკომენდებული, მაშინ, როცა Chrysler Pacifica-ს მინივენის ჩვეულებრივ ვერსიას საკმაოდ მაღალი საიმედოობის ქულა აქვს და წელს რეკომენდებულია.

თუმცა ორივე ექპერტი დასატენ ჰიბრიდულ ელექტრომობილებში გამონაკლისად Toyota RAV4 Prime-ს ასახელებს, რომელიც Consumer Reports-ის წლევანდელ გამოკითხვაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოდელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ