ესტონეთი რუსეთის მოქალაქეობის მსურველ პირებს გაასახლებს

ესტონეთმა შესაძლოა, ბინადრობის ნებართვა გაუუქმოს პირებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობას იღებენ. ამის შესახებ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კაია კალასმა განაცხადა, რასაც Postimees ავრცელებს.

ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ლაური ლაენემეტსმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ეძებს გზას, ქვეყნიდან გაასახლოს ისინი, ვინც რუსული პასპორტის აღებას გადაწყვეტს. კალასმა დაადასტურა, რომ მინისტრის სიტყვები „მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს, რომელიც ესტონეთის უსაფრთხოებასა და გადარჩენას ეფუძნება.“

„პირი, რომელიც ესტონეთში ცხოვრობს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტს, მზად არის, მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის ჯარს შეუერთდეს. ეს უკვე საფრთხე და მეტად მკაფიო სიგნალია ესტონეთისთვის, რომლის იგნორირებაც სახელმწიფოს არ შეუძლია,“ - აცხადებს პრემიერი.

მან დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება ტერორიზმის მხარდაჭერასა და რესპუბლიკის უსაფრთხოებისადმი მუქარას უტოლდება, ამიტომ ასეთი შემთხვევები ესტონეთის პოლიციამ და მესაზღვრეებმა უნდა გამოიძიონ. კაია კალასის თქმით, ბინადრობის ნებართვის გაუქმებასა და შესაძლო დეპორტაციაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, „კონკრეტული პირისგან მომდინარე საფრთხის შეფასების საფუძველზე“ მიიღება.

ნოემბრის შუა რიცხვებში ესტონეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვეიკო კომუსაარმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ფინეთის შემდეგ, რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები შესაძლოა, ნაწილობრივ ან მთლიანად დახუროს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ