ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენებისთვის ხუთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ფაქტობრივი მფლობელი ლელა რაინდაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში თანამონაწილე 4 პირი - ნიკოლოზ ელიაშვილი, თამარ სალარიძე, იოსებ სალარიძე და გია ფროდიაშვილი. გამოძიებით დადგენილია, რომ ლელა რაინდაშვილმა დანაშაულში თანამონაწილე პირებზე დაარეგისტრირა რამდენიმე საწარმო, რომელთა მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა 858 844 ლარის საგზაო ბიტუმი.

"ბრალდებულებმა ბოროტად გამოიყენეს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული საშეღავათო პერიოდი და არ გადაიხადეს იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადი. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს მიადგა 154 589 ლარის ზიანი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.