ოქროს ფასმა ისტორიულ, 2 135-დოლარიან ნიშნულს მიაღწია - რამ გამოიწვია აქტივის გაძვირება

4 დეკემბერს, ოქროს ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია. ორშაბათს, აზიურ ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად, ერთი უნცია ოქროს ფასი 2 135 დოლარს გაუტოლდა. ინფორმაციას Yahoo News-ი ავრცელებს.

ოქროს ფასის ზრდა გამოწვეულია ინფლაციის შემცირებით და შემდგომი შესაძლო სპეკულაციებით. ღირებულების ამგვარი ტემპებით აწევა ასევე დააჩქარა ისრაელი-პალესტინის ომის დაწყებამ, ვინაიდან ინვესტორებმა და ტრეიდერებმა მასობრივად დაიწყეს ოქროს შესყიდვა, რადგან დოლარი დასუსტდა, ადამიანებს სანდო აქტივად კი ოქრო ევლინებათ.

ცნობების თანახმად, არსებობს იმის მოლოდინები, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, აშშ-ის სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ იგი არ გეგმავს საბაზისო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას.

შეგახსენებთ, რომ ოქრო მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ძვირდება და მასზე ფასი ამ დრომდე 16 პროცენტითაა გაზრდილი.

ბაჩანა ტყემალაძე