ოთარ დანელიას ინფორმაციით, არაბი ინვესტორები განსაკუთრებით მეცხოველეობით დაინტერესდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, საქართველოში დამატებით არაბული ინვესტიციის ჩადება იგეგმება, - ამის შესახებ დანელიამ ჟურნალისტებს "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე ბიზნესფორუმის დაწყებამდე განუცხადა, რომელშიც არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და საქართველოს ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მისივე განმარტებით, სფერო, რომელთან მიმართებშიც არაბ ინვესტორებს განსაკუთრებული დაინტერესება აქვთ, მეცხოველეობაა. "რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი ვაჭრობის გაუმჯობესების, რადგან სავაჭრო ბალანსი მაინცდამაინც დიდი არ არის. დაინტერესება არის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. პირველ რიგში კი, მეცხოველეობის კუთხით. ასევე იგეგმება საქართველოში დამატებითი ინვესტიციების ჩადება. არაბ ბიზნესმენებს უკვე ჰქონდათ ჩემს მოადგილესთან შეხვედრა, რომელთანაც კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. ვფიქრობ, მიმდინარე წელსვე იქნება თვალსაჩინო გარკვეული მიმართულებების კუთხით სურათი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.