უცხოელები საქართველოში საყიდლებზე მთლიანი თანხის მხოლოდ 22%-ს ხარჯავენ - როგორია ქართველების ხარჯები საზღვარგარეთ

ეკონომიკური ზრდის შენელების ზოგადი ტენდენციები, გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ზეწოლა სამომხმარებლო ხარჯებზე - 2024 წელს ფუფუნების საქონლის გლობალური საცალო გაყიდვები შემცირდება, რადგან მომხმარებლები პანდემიის მერე ხარჯებს ამცირებენ - ასეთი დასკვნა ანალიტიკურმა ჯგუფმა McKinsey & Company გააკეთა.

საქართველოს მაგალითზე კი, ამ მხრივ სიტუაცია შედარებით განსხვავებულია, კერძოდ, საყიდლებზე დანახარჯებს ზრდიან როგორც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, ასევე უცხოელები საქართველოში. საერთო ჯამში, საქსტატის 2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ქართველებმა უცხოეთში საყიდლებისთვის მთლიანი თანხის 41,22% დახარჯეს, ხოლო ამავე პერიოდში უცხოელების მიერ საქართველოში საყიდლებში დახარჯული თანხა თითქმის ორჯერ ნაკლებს, 22,04%-ს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, უცხოელებმა საქართველოში საყიდლებში 751,1 მლნ ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 382,3 მლნ ლარით მეტია, შარშან 3 კვარტალში საყიდლებზე დანახარჯებმა 368.8 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანმა ხარჯებმა კი 3,406 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების დახარჯულ თანხებს, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში მათ საზღვარგარეთ საყიდლებზე 203,3 მლნ ლარი დახარჯეს. 2022 წლის ამავე პერიოდში კი ეს რიცხვი 174,8 მლნ-ს შეადგენდა. ცნობისათვის, 2023 წლის სამ კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოეთში მთლიანმა დანახარჯებმა 493,1 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უკანასკნელ განცხადებაში, მომავალ წელს საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელი პერიოდის შემდეგ პირველად, 90%-ით აღდგება. ორგანიზაციის მონაცემებით, აღდგენის ტემპი ყველაზე სწრაფი ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაში იქნება.

ეკა დარჩიაშვილი