კლევერლის გეგმა - დიდი ბრიტანეთი სამუშაო ვიზების გაცემას ამკაცრებს

გაერთიანებული სამეფო ლეგალური მიგრაციისთვის დამატებითი ზომების შემოღებას გეგმავს, რაც სამუშაო ვიზის მისაღებად მინიმალური ხელფასის ზღვრის გაზრდას გულისხმობს, ხოლო სოციალურ მუშაკების, ანუ მომვლელების ნათესავებზე ე.წ. კმაყოფაზე მყოფ პირთა ვიზები აღარ გაიცემა.

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში გამოსვლისას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ სამეფოში ლეგალური ემიგრანტების შედინება წელიწადში 300 ათასი ადამიანით შემცირდება.

კერძოდ, კლევერლის გეგმა, რომელიც ძალაში იანვარში შევა, სამუშაო ვიზის მისაღებად მინიმალური ხელფასის 50%-ით გაზრდას ითვალისწინებს. დამსაქმებელმა უცხოელ თანამშრომელს, რომელიც სამუშაო ვიზას ითხოვს, წელიწადში 26,3 ათასი ფუნტის (33,2 ათასი დოლარის) ნაცვლად 38,7 ათას ფუნტამდე (48,9 ათასი დოლარი) უნდა გადაუხადოს. ამით მნიშვნელოვნად შეიზღუდება საზღვარგარეთიდან დაბალი კვალიფიკაციის მუშახელის შედინება. გამონაკლისი რამდენიმე დეფიციტური პროფესიის წარმომადგენლებისთვის დაიშვება, როგორიც არის, მაგალითად, უმცროსი სამედიცინო მუშაკი და ექთანი.

ამასთან, მოხუცთა და ინვალიდთა მოვლის სექტორში დასაქმებული მიგრანტების ნათესავები ე.წ. კმაყოფაზე მყოფი პირის ვიზას ვეღარ მიიღებენ. ასევე, ქვეყანაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩასვლას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ვეღარ შეძლებენ. მათი ოჯახის წევრებიც მანამდე კმაყოფაზე მყოფი პირების სტატუსით სარგებლობდნენ. თუმცა დიპლომის შემდგომი განათლების მიმღებ პირთა ოჯახის წევრებზე გამონაკლისი დაიშვება.

კლევერლის თქმით, მეტად ხშირია შემთხვევები, როცა სამუშაო მიგრანტებისა და სტუდენტების ნათესავები დიდ ბრიტანეთში არ მუშაობენ, თუმცა სამედიცინო და სხვა სახელმწიფო სერვისებით მაინც სარგებლობენ. მინისტრი, ასევე, ამბობს, რომ საზოგადოება შეშფოთებულია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ადგილების ნაკლებობით, რაც ნაწილობრივ ქვეყანაში მიგრანტების ჭარბი შედინებით არის გამოწვული.

ამასთან, ბრიტანეთის მთავრობა სამუშაო და სტუდენტური ვიზის მიმღები პირებისთვის დაწესებული სამედიცინო გადასახადის ორი-მესამედით გაზრდას აპირებს, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დასაფინანსებლად დამატებით 1,3 მლრდ ფუნტი (1,64 მლრდ დოლარი) მიიზიდოს.

„ჩემი გეგმა ისტორიაში სუფთა მიგრაციის ყველაზე დიდ შემცირებას უზრუნველყოფს. ეს გეგმა რომ ადრე მიგვეღო, დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი გასულ წელს ქვეყანაში შემოსვლას ვერ შეძლებდა. მე ვიღებ გადამწყვეტ ზომებს სამუშაო ვიზების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად და მკაცრ ზომებს გავატარებ მათ წინააღმდეგაც, ვინც ცდილობს, ჩვენი სტუმართმოყვარეობით ისარგებლოს,” - აცხადებს ჯეიმს კლევერლი.

ნოემბერში გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ 2022 წელს გაერთიანებულ სამეფოში სუფთა მიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული ანგარიშის მიხედვით, მიგრანტების, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეებისთვის და ჰონგ კონგის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემის გამო გასულ წელს ქვეყნის მოსახლეობა 745 ათასი ადამიანით გაიზარდა.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 335,5 ათასი სამუშაო ვიზა გაიცა, რაც 2022 წელთან შედარებით მესამედით, ხოლო კოვიდპანდემიამდელ პერიოდზე 150%-ით მეტია. მაჩვენებლის ზრდის მთავარი ფაქტორი სხვა ქვეყნებიდან ჩასულ სამედიცინო და სოციალურ მუშაკებზე გაცემული ვიზებია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ