IAEA - სომხეთის ატომური ელექტროსადგური არ დაიხურება

თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (International Atomic Energy Agency-IAEA) სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვის ზომებს არ გეგმავს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რასაც Armenpress ავრცელებს.

თურქეთის მთავრობამ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დახურვის მოთხოვნით IAEA-ს ოფიციალური წერილით მიმართა.

„თუ ატომურ სადგურთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა, ჩვენ დაუყოვნებლივ შევატყობინებთ სომხეთის მთავრობას და ვიქნებით პირველი, ვინც განაცხადებს, რომ გაჩნდა პრობლემა და გარკვეული ზომების მიღება არის საჭირო. თუმცა ჯერჯერობით დარწმუნებული ვართ, რომ მისი მუშაობის გაგრძელება შეიძლება,“ - აცხადებს გროსი.

მისი თქმით, სომხური ატომური ელექტროსადგური IAEA-ს რეკომენდაციებსა და მითითებებს ასრულებს და სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. გროსის სჯერა, რომ სომხეთი ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ ზომებს იღებს.

სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქალაქ მეწამორთან 1979 წელს ამოქმედდა და 1989 წელს სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ შეჩერდა. 1995 წელს ატომური ელექტროსადგურის, კერძოდ, მეორე ენერგობლოკის სამრეწველო ექსპლუატაცია განახლდა. ატომური ელექტროსადგური სომხეთის მთლიანი ელექტროენერგიის, დაახლოებით, მესამედს გამოიმუშავებს. 2021 წლის ნოემბერში ელექტროსადგურის ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის სამუშაოები დასრულდა, რამაც მისი ექსპლუატაციის ვადა 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ