ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გადის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საქართველო არიან ახლო პარტნიორი ქვეყნები. როგორც პრემიერმა საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმზე განაცხადა, ეს ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ათვლის წერტილი, სერიოზული ეტაპი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.  "2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 200 მილიონს გადააჭარბა. მე მოხარული ვარ, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში თქვენმა ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში ფაქტობრივად სარეკორდო, 700 მილიონ დოლარს მიაღწია საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით სხვადასხვა სექტორებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა და ვრცლად მიმოიხილა ინვესტიციები, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საემიროები ახორციელებენ საქართველოში. მისივე თქმით, ასევე არის მოლოდინი ახალი პროექტების განხორციელების.  "ეკონომიკის მინისტრ სულთან ბის საედ ალ მანსურის ხელმძღვანელობით, თქვენი ქვეყანა გახდა მოდელი ეკონომიკური წარმატებისთვის. საქართველო გადის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ჩვენი სტრატეგიული პოზიციის მაქსიმალურ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა გადის სერიოზულ ტრანსფორმაციას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, დაწყებული ჯანმრთელობის, ეროვნული უშიშროების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებები სერიოზულად გაუმჯობესდეს. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო გახდა ლიდერი, მოდელი ჩვენს რეგიონში, რასაც ჰქვია სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გასული წელი, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას. "ეს კი სერიოზულად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას, როგორც საინვესტიცო ქვეყნის. მომსახურება და პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, 900 მილიონიან ბაზარზე გავა. ჩვენ დსთ-ს ქვეყნებთან, რუსეთთან, თურქეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას უკვე მოაქვს თავისი პირველი ნაყოფი. კერძოდ, 21 %-ით გაიზარდა 2015 წლის პირველ კვარტალში ქართული პროდუქციის გასვლა ევროპულ ბაზარზე. ჩვენ ვცდილობთ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები დავამყაროთ ყველა რეგიონულ პარტნიორთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.