აშშ-მა მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით მსოფლიო ბაზრებზე 86 მლრდ დოლარის ნავთობი გაყიდა და ის 2009 წლის შემდეგ პირველად ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი გახდა. ამის შესახებ აშშ-ის სტატისტიკის სამსახურის მასალაში წერია.
უწყების მონაცემებით, მთავარი საექსპორტო საქონლის სიაში მეორე ადგილზე ნავთობპროდუქტებია. თუმცა მათი მიწოდება 19%-ით, 83 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
მესამე ადგილზე თვითმფრინავებია, რომელთა გაყიდვები საზღვარგარეთ 19%-ით, 81 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მეოთხეზე ბუნებრივი გაზია. მისი მიწოდების ღირებულება, თითქმის, მესამედით, 50 მლრდ დოლარამდე დაეცა. მეხუთე მთავარი საექსპორტო საქონელი ავტომობილებია, რომლის მიწოდებაც 11%-ით, 48 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
2009-დან 2021 წლამდე აშშ-ის ორ მთავარ საექსპორტო ხაზს თვითმფრინავები და ნავთობპროდუქტები წარმოადგენდა. თვითმფრინავები 2009 და 2010 წლებში, ასევე, 2015-დან 2020 წლამდე პერიოდში ლიდერობდნენ. პირველად ისინი ნავთობმა 2022 წელს ჯერ მეორე ადგილზე ჩაანაცვლა, შემდეგ კი, წელს წიაღისეულმა პირველი ადგილი დაიკავა.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, სექტემბერში ნავთობმოპოვება ქვეყანაში 1,7%-ით, ანუ დღეში 224 ათასი ბარელით გაიზარდა. მთლიანობაში, ნავთობმოპოვების დღიურმა მოცულობამ 13,24 მლნ ბარელი შეადგინა. ეს აშშ-ისთვის აბსოლუტურ თვიურ რეკორდს წარმოადგენდა.
2022 წლის დასაწყისიდან ნავთობმოპოვება შეერთებულ შტატებში დღეში 800 ათასი ბარელით გაიზარდა. ამჟამად ქვეყანა დღეში, დაახლოებით, 4 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტს ეწევა, რაც, საუდის არაბეთის გარდა, OPEC+-ის ყველა წევრ ქვეყანაზე მეტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ