აშშ-მა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, - ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს და მათ შორის არიან როგორც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, ასევე ბელგიის, ნიდერლანდების და შვედეთის მოქალაქეებიც.

“დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შავ სიაში შედიან ბელარუსი ბიზნესმენები: ალექსანდრე შაკუტინი, პაველ ტოპუზიდისი და ვიქტორ პეტროვიჩი, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო „ალექსანდრე ლუკაშენკოს საფულეებს“ უწოდებს.

შეზღუდვები ასევე შეეხო ბელარუსის „წითელი ჯვრის“ გენერალურ მდივანს დიმიტრი შევცოვს. ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ის ჩართულია კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში. რაც შეეხება კომპანიებს, აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდნენ ბელარუსული საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან, ასევე სტრუქტურები კვიპროსიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და ჩინეთიდან.

სანქციების სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ სანქცირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების აქტივები შეერთებულ შტატებში დაყადაღდება, ასევე აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთან ბიზნესის კეთება აეკრძალებათ.