ირაკლი ღარიბაშვილი: ენერგორესურსები არის სერიოზული სტიმული რეგიონალური ინტეგრაციისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ენერგორესურსები არის სერიოზული სტიმული რეგიონალური ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ პრემიერმა საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო წამყვანი როლი უნდა ითამაშოს ევროპისა და მეზობლების ენერგოუსაფრთხოების საკითხში. "ჩვენს ქვეყანაზე გადის მილსადენები ისე, რომ არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "შაჰდენიზის" პროექტის 35 მილიონიანი ინვესტიცია სერიოზულად აძლიერებს და 60 მილიარდი კუბური მეტრის დამატებით საშუალებას გვაძლევს, გაზი მივაწოდოთ ევროპას. ჩვენ 2 მილიარდიან ინვესტიციას ველოდებით პროექტის შედეგად საქართველოში. ჩვენი ენერგეტიკის სექტორი მზარდად ხდება მიმზიდველი და მილიარდ ოთხასი მილიონი დოლარი მოიზიდა", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია განახლებადი, ეკონომიკურად მდგრადი პროექტების თვალსაზრისით და ამ კუთხით, მხოლოდ 20%-ია გამოყენებული. "გაერთიანებული არაბთა საემიროების როლი, როგორც ენერგოექსპორტიორის, გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ თანაშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.