ალეკო ელისაშვილი - „შავი ფული“ ორ პარტიაში - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტრიალებს, დანარჩენებს „თეთრი ფულიც“ არ გვაქვს

„შავი ფული“ ორ პარტიაში - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტრიალებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ქართულ ოცნებაში“ არ არიან მიამიტები და „ქართულ ოცნებაში“ საკითხებს სახელმწიფოებრივად არ უყურებენ. დიდი ფული და შესაბამისად, „შავი ფული“ ტრიალებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და „ქართულ ოცნებაში“, დანარჩენებს სად გვაქვს „შავი ფული“, არც „შავი ფული“ გვაქვს და არც „თეთრი ფული“, ბიუჯეტიდან დაფინანსება გვაქვს, ეს არის და ეს, სხვა დამატებითი ფული ჩვენთან არ ტრიალებს. „ნაცმოძრაობაში“ ტრიალებს, აგერ, კეზერაშვილი - მეტი „შავი ფული“ რაღა გინდათ, გაძარცვა და დატოვა „უკაპიკოდ“ მსოფლიო პენსიონერები, იმის ფულით აკეთებს რაღაცებს, „შავი ფულია“, აბა რა ფულია? რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ აქვს „შავი სალარო“, არის ლეგალური შენატანი, არალეგალური შენატანი, თავი რომ დაიძვრინოს და სხვას პრობლემები შეუქმნას, ამას ემსახურება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ელისაშვილმა იმ კანონპროექტზე საუბრისას, რომლითაც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ.

რაც შეეხება ოლიგარქებს, მისივე განმარტებით, ქვეყანას ერთი ნამდვილი ოლიგარქი და ოლიგარქობის რამდენიმე მსურველი ჰყავს.

„ხაზარაძის შეზღუდვასაც ეცდებიან. ფაქტია, რომ ხაზარაძე აფინანსებს ტელეკომპანია „პირველს“ და რამდენადაც ვიცი, ბოლო დროს, „მთავარსაც“. ტელეკომპანია „პირველის“ დაფინანსება თვითონაც არ უარყო, რა თქმა უნდა, შეეცდებიან ხაზარაძეს ხელ-ფეხი შეუკრან და კეზერაშვილს [შეზღუდონ], თორემ ჩვენ არც ტელევიზია გაქვს და ვერც მის დაფინანსებას ვახერხებთ. „ქართული ოცნება“ თავის თავზე არაფერს გაავრცელებს, ოპონენტების წინააღმდეგ გაავრცელებს. ხაზარაძე მდიდარი კი არის, მაგრამ ოლიგარქი რანაირად არის, ოლიგარქია ტიპი, რომელიც მართავს, ხაზარაძე თავის პარტიას მართავს და „ტვ პირველს“? ეს არ არის საკმარისი, ოლიგარქი ერთი გვყავს, რომელიც ღმერთმა უწყის, სად არის. ერთი ოლიგარქი და ოლიგარქობის რამდენიმე მოსურნე გვყავს. ეს არის კეზერაშვილი. კეზერაშვილი არ არის ოლიგარქი? პარტიებს აკონტროლებს, პარტიაში რაღაც გადატრიალებებს აწყობს, ტელევიზიები აქვს და თან ამას ძალიან ბინძური ფულით აკეთებს, ერთხელ მოჰპარა არმიას, ქართულ ჯარს და მეორეჯერ, მოხუცებს მოჰპარა და იმით აფინანსებს. „ქართული ოცნება“ რომ დამარცხდეს არჩევნებში და ღმერთმა დაგვიფაროს, კეზერაშვილი მოვიდეს, რანაირად მართავს, ისიც გაიწევა და იქნება არაფორმალური მმართველი, როგორც ახლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველი, აჩხუბებს ამ მელიას, ხაბეიშვილს. ნამდვილი, შემდგარი ოლიგარქი ერთი გვყავს და ოლიგარქობის მოსურნე - რამდენიმე“, - განაცხადა ელისაშვილმა.