ჰააგაში რუსული აგრესიით გამოწვეული ზიანის საერთაშორისო რეესტრის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის საერთაშორისო რეესტრის საბჭო პირველ სხდომას ჰააგაში წლის ბოლომდე გამართავს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა თავის Telegram-არხზე დაწერა.

შმიგალმა ეს განცხადება საზღვარგარეთ რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ გამართული შეხვედრების შემდეგ გაავრცელა.

რუსული აგრესიით მიყენებული ზიანის რეესტრის შესახებ შეთანხმება მაისში, ისლანდიაში გამართულ ევროპის საბჭოს სამიტზე გაფორმდა. ივნისში რეესტრის აღმასრულებელ დირექტორად იურიდიული კომპანია Asters-ის დამფუძნებელი და პარტნიორი, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მარკიან კლიუჩკოვსკი დაინიშნა.

შმიგალი, ასევე, წერს, რომ ევროკომისია უკვე მიმდინარე თვეში გეგმავს, უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების გამოყენების პროექტი წარადგინოს.

ამასთან, შმიგალი იხსენებს, რომ შეერთებულ შტატებში მიღებულია ორპარტიული კანონპროექტი უკრაინის აღდგენის სასარგებლოდ სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივების კონფისკაციის შესახებ.

„ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას კომპენსაციის ფონდის შესაქმნელად, რომელიც კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმის ნაწილი იქნება,“ - წერს შმიგალი.

მისი თქმით, კონფისკაცია როგორც რუსეთის ოლიგარქების, ასევე, რუსეთის სუვერენულ აქტივებს უნდა შეეხოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ