ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა სავალუტო ფონდში მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა საქმიანობას სავალუტო ფონდში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ლეჟავა ავრცელებს.

„მოვიდა დრო გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუვიწყარი 5 წლიანი გამოცდილებისთვის. მეამაყება, რომ მქონდა შესაძლებლობა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად მემუშავა. დიდი ინტერესით ვიწყებ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, როგორც რეზიდენტ მრჩეველი მონღოლეთში,“- წერს ლეჟავა.

ცნობისთვის, პაპუნა ლეჟავას უფლებამოსილების ვადა 21 ნოემბერს ამოეწურა.

შეგახსენებთ, რომ ლეჟავამ პოსტი 20 სექტემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამას წინ უძღოდა, ეროვნული ბანკის 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანაზე, რომლითაც სებ-მა რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. ეს გადაწყვეტილება კი მოყვა 14 სექტემბერს აშშ-ს მიერ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქის” ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას. მათი ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

თაია არდოტელი