Societe Generale-მა საკუთარი კრიპტოვალუტა ჩაუშვა

ფრანგული Societe Generale საკუთარ სტეიბლკოინს უშვებს და მსოფლიოში პირველი მსხვილი ბანკი ხდება, რომელიც ინვესტორების ფართო სპექტრს მყარ ვალუტაზე მიბმულ ციფრულ ტოკენს სთავაზობს. ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.

ევროთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინ CoinVertible-ით ვაჭრობა 6 დეკემბერს, ლუქსემბურგში დაფუძნებულ Bitstamp-ის ბირჟაზე დაიწყო. FT-ის შეფასებით, ეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის სამაგალითო გადაწყვეტილებაა ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რადგან ასეთ ვაჭრობაში ამჟამად მხოლოდ სპეციალიზებული ციფრული აქტივების კომპანიები დომინირებენ. კერძოდ, ამ ბაზარზე, რომლის მოცულობაც 130 მლრდ დოლარად არის შეფასებული, კომპანიები, Tether და Circle ლიდერობენ.

„კრიპტოვალუტის ეკოსისტემა, ძირითადად, ორიენტირებულია რამდენიმე არსებულ სტეიბლკოინზე, რომელთა 90% აშშ დოლარში არის დენომინირებული. ვფიქრობთ, ამ სივრცეში ბანკისა და ევროზე მიბმული სტეიბლკოინის ადგილი ნამდვილად არის,“ - აცხადებს ბანკის ციფრული განყოფილების, Societe Generale Forge-ის აღმასრლებელი დირექტორი, ჟან-მარკ სტენგერი.

ის იმედოვნებს, რომ კრიპტოვალუტა ციფრული ობლიგაციების, ფონდებისა და სხვა აქტივების გარიგებათა გადახდებში იქნება გამოყენებული და ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ციფრულ რეესტრებს დანერგავენ.

Societe Generale Forge-მა საკუთარი სტეიბლკოინის გამოშვება აპრილში დააანონსა. ბანკი მაშინ აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტის ჩაშვების მიზანი კაპიტალის ტრადიციულ ბაზრებსა და ციფრული აქტივების ეკოსისტემას შორის არსებული ჩიხის გადალახვაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ