გიორგი პერტაია - ბიზნეს სექტორის ნდობა კოლეჯებისადმი და პროფესიულ განათლებაში მათი ჩართულობა იზრდება და უფრო მოთხოვნადი ხდება

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას განცხადებით, ბიზნეს სექტორის ნდობა კოლეჯებისადმი და პროფესიულ განათლებაში მათი ჩართულობა უფრო იზრდება და მოთხოვნადი ხდება. ამის შესახებ პალატის პრეზიდენტმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე - „პროფესიები ბიზნესისთვის“ განაცხადა, რომელიც ბიზნეს სექტორის, კოლეჯების, სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას გიორგი პერტაიამ პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ქვეყანაში გვყავს არაერთი დამსაქმებელი, ვინც სამუშაო ძალას ეძებს და პარალელურად, დასაქმების მაძიებლები. ბიზნესი აცნობიერებს, რომ მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია განათლების პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს სფეროში სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესთან და ქართული რეალობისათვის არატრადიციული სფეროების განვითარებასთან“- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისი თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი ბიზნეს კომპანიები უკვე ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროცესში, თანამშრომლობენ პროფესიულ კოლეჯებთან და ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, თუ რა სჭირდება მათ ინდუსტრიას, რათა ახალგაზრდებმა და სამუშაოს მაძიებლებმა არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით განივითარონ შესაბამისი უნარები.

პალატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში არაერთი ადამიანი იპოვის შესაბამის სამუშაოს ან საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო კომპანიები შეძლებენ უნარიანი კადრების მოძიებას.

ღონისძიება სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და შტუტგარდის პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.