პროექტი საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის დაბრუნდა

Visa-მ, ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით, დაიწყო ბიზნეს იდეების კონკურსი ქალებისთვის She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში.

წელს, She’s Next ინიციატივის მე-4 ტალღა ხორციელდება საქართველოში, ბიზნეს იდეების კონკურსის ფორმატში. კონკურსის 10 რჩეული მონაწილე გაივლის პრაქტიკულ და თეორიულ მასტერკლასებს, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს იდეის მქონე 3 ქალი გამოვლინდება და თითოეული მათგანი მიიღებს 10,000 ლარის ოდენობის პრიზს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართველ სრულწლოვან ქალს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და მისი განხორციელება სურს.

კონკურსის მიზანი საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერება და მათი ხელშეწყობაა, სხვადასხვა რესურსის, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობის შეთავაზების გზით.

კონკურსის პირობები და ეტაპები:

  • განაცხადების მიღება და დამუშავება - საწყის ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური, თითოეული შემოტანილი განაცხადის, შესაბამისობას განიხილავს, კონკურსის კრიტერიუმებთან და პირობებთან. შემდეგ კი შეარჩევს ყველაზე პერსპექტიული და საინტერესო ბიზნეს იდეების მქონე ტოპ 10 ქალ მონაწილეს, რომლებიც უფასო საკონსულტაციო სესიებს გაივლიან.
  • საკონსულტაციო სესიები - შერჩეული ტოპ 10 ქალი აპლიკანტი მონაწილეობას მიიღებს 5-დღიან საკონსულტაციო სესიებში, რომლებსაც სხვადასხვა დარგის ექსპერტები და სპეციალისტები გაუძღვებიან ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, გაყიდვების, მარკეტინგის, კომუნიკაციისა და ინვესტიციების სფეროებიდან. კონკურსის ამ ეტაპზე, მონაწილეები იმუშავებენ თავიანთ ბიზნეს იდეებზე, რათა ისინი აქციონ ბიზნეს გეგმად და შექმნან ეფექტური პრეზენტაცია პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად.
  • კონკურსის დღე და დაჯილდოების ცერემონია - საგანმანათლებლო სესიების შემდეგ, ტოპ 10 მონაწილე ქალი თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ 5 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, 3 წუთის განმავლობაში. პრეზენტაციების შემდეგ, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ქალს და თითოეული მათგანი პრიზის სახით მიიღებს 10,000 ლარს და უფასო მენტორულ სესიებს.
  • ბიზნეს მენტორული სესია სამი გამარჯვებულისთვის - პროექტის საბოლოო ეტაპზე, 3 გამარჯვებული ქალი, ბიზნესის წარმატებით დასაწყებად, გაივლის მენტორულ სესიას.

დაინტერესებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკურსის წესებსა და პირობებს და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ბმულზე 2023 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.