”სომხეთში სულ უფრო მეტი რეკლამისდამკვეთი მიმართავს სატელევიზიო რეკლამიდან ბიუჯეტს ინტერნეტ რეკლამაზე”

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სომხეთში ინტერნეტ რეკლამა სულ უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს.

სომხური ინტერნეტ-სარეკლამო სააგენტოების განცხადებით, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი რეკლამის დამკვეთი მიმართავს სარეკლამო ბიუჯეტს ინტერნეტ რეკლამის სასარგებლოდ. როგორ იწყებოდა ინტერნეტ რეკლამის განვითარება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და რა პერსპექტივები აქვს რეკლამის ამ სახეობას სომხეთში, სომხეთის ნომერ პირველი ინტერნეტ სააგენტო IP Marketing-ის დამფუძნებელი არსენ სუმბათიანი გვესაუბრება.

- რამდენი წელია, რაც სომხეთის სარეკლამო ბაზარზე ოპერირებთ?

- კომპანია IP Marketing სომხეთში 2010 წელს დაარსდა. თავდაპირველად ინტერნეტ რეკლამაზე ორიენტირებული კომპანია ვიყავით, თუმცა პარალელურად შევქმენით ე.წ. Sales House, სადაც ვიზიდავდით წამყვან სომხურ საიტებს. ამჟამად IP Marketing სომხეთში წამყვანი ინტერნეტ სააგენტოა კლიენტების რაოდენობით, საბიუჯეტო მაჩვენებლით და ყველაზე მსხვილი სეილს ჰაუზია სომხეთში.

- რა მომსახურებას სთავაზობთ თქვენს კლიენტებს?

- ამჟამად ჩვენ გვაქვს 16 საიტი, რომლებიც მოიცავს 5 ტოპ სომხურ საიტს, ასევე სპორტულ საიტებს, ქალბატონებისთვის განკუთვნილ საიტებს და ასე შემდეგ. ჩვენს მომსახურებაში შედის შემდეგი სერვისები: მედია-განთავსება და სტრატეგიული დაგეგმვა, სოციალური მედია მარკეტინგი, კონტექსტური რეკლამა, საძიებო ოპტიმიზაცია და ა.შ. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე განვითარებაში.

- დღევანდელი გადასახედიდან რომ შეხედოთ, რამდენად ადვილი იყო რეკლამისდამკვეთთა დათანხმება, არჩევანი ინტერნეტრეკლამის სასარგებლოდ გაეკეთებინათ?

- ეს ხუთწლიანი მუშაობის შედეგია. ჩვენ პირველი ინტერნეტ სააგენტო ვიყავით სომხეთში და საკუთარ თავზე ავიღეთ ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, რადგან იმ დროისთვის ეს ბაზარი არ იყო საკმარისად განვითარებული. ერთი მხრივ, ბევრი რეკლამისდამკვეთი დასავლეთისა და დსთ-ს მაგალითზე ხედავდნენ, რომ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი აქტიურად ვითარდებოდა სხვა ქვეყნებში და საჭირო და აუცილებელი იყო ამ ბაზარზე გააქტიურება. თუმცა, მეორეს მხრივ, არ იცოდნენ ეს ყველაფერი როგორ გაეკეთებინათ. ჩვენ დავიწყეთ კლიენტებისთვის იმის ახსნა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს. მეტიც, ჩვენ ისე განვავითარეთ ეს ბაზარი, რომ რეკლამის დამკვეთებმა, რომლებიც მანამდე რეკლამის ტრადიციულ სახეობებს - გარე რეკლამას, ვიდეორეკლამას ამჯობინებდნენ, ნელ-ნელა დაიწყეს გადმოსვლა ინტერნეტ რეკლამაზე. თუმცა, თავდაპირველად ამას სიფრთხილით აკეთებდნენ, რადგან არ იცოდნენ, რა უნდა გაკეთებინათ. ამიტომ ინდივიდუალურად დავიწყეთ მუშაობა თითოეულ კლიენტთან და ვუყვებოდით, რამდენად საჭირო და ეფექტურია ინტერნეტ რეკლამა. ვუხსნიდით, რომ ტრადიციული რეკლამის სახეობის შემთხვევაში, ნახვების გაზომვა შედარებითი იყო, ინტერნეტ რეკლამის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი ზუსტი იყო.

- რა ვითარებაა ახლა სომხეთის ინტერნეტრეკლამის ბაზარზე, გაიზარდა თუ არა რეკლამისდამკვეთთა რაოდნეობა წინა წლებთან შედარებით?

- ბიუჯეტის მიხედვით თუ ვიტყვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ბაზარი წლიურად 20-30%-ით ვითარდებოდა. დღესდღეობით, ბიუჯეტის ნახევარს ინტერნეტ რეკლამა შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ წელს ყველაზე დიდი ნახტომი გვქონდა წინ, როცა კონსოლიდირება მოვახდინეთ მსხვილ სომხურ საიტებზე. დავიწყეთ გაყიდვები ახალი ტექნოლოგიებით, მაგალითად კლიკების რაოდენობის დათვლით. ჩვენ შევქმენით ე.წ. exec. ფაილი, სადაც ნებისმიერ რეკლამისდამკვეთს, დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას საკუთარი მედია გეგმა და ამის შესაბამისად მიიღოს საკუთარი ფასდაკლება. თუ ადრე იყო შემთხვევები, რომ რეკლამისდამკვეთები საიტზე ფასდაკლებებს ნაცნობობითაც კი იღებდნენ, დღეს ყველაფერი გამჭვირვალეა და კლიკების დათვლით ყველას შეუძლია იცოდეს, რა სახის ფასდაკლებას მიიღებს. ამან რეკლამისდამკვეთები უფრო მეტი ნდობით განაწყო ინტერნეტრეკლამის მიმართ.

- როგორია თქვენი პროგნოზი მიმდინარე წელთან დაკავშირებით - გაიზრდება თუ არა სომხეთში დანახარჯები ინტერნეტრეკლამაზე?

- ეროვნული ვალუტის რყევის გამო, რთულია იმის თქმა , რამდენი იქნება სარეკლამო ბაზრის ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, იმის თქმა შემიძლია, რომ მთელი სარეკლამო ბაზრის 1,5-2% მთლიანი წილი მოდის ინტერნეტ რეკლამაზე. სატელევიზიო რეკლამიდან ინტერნეტ რეკლამაზე გადმოსვლა უფრო გაიზარდა. რეკლამისდამკვეთები, რომლებიც საერთოდ არც კი შემოდიოდნენ ინტერნეტში, ასეთებიც კი უკვე დაინტერესდნენ და გამოთქვამენ კრეატიული, ინტერნეტ სარეკლამო კამპანიის წარმართვის სურვილს. ასე რომ, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი რეკლამისდამკვეთი მიმართავს სატელევიზიო რეკლამიდან ბიუჯეტს ინტერნეტ რეკლამაზე ან ცალკე ბიუჯეტების გამოყოფა დაიწყეს ინტერნეტ რეკლამაზე. 2015 წელს ჩემი პროგნოზით, ინტერნეტ რეკლამის ბიუჯეტი 1,5 მილიონი დოლარი იქნება. რაც შეეხება ზრდას, ვფიქრობ, 2014 წელთან შედარებით, ზრდა 20%-ს შეადგენს.

- რაც შეეხება მობილურ ვერსიას, თუ გაქვთ სხვადასხვა საიტებზე მობილური ვერსიები?

- ჩვენ დავიწყეთ ცალკე მობილური ვერსიის გაყიდვა. როდესაც შედიოდნენ მობილურით საიტებზე, იგივე ბანერს ხედავდნენ. სპეციალურად მობილურისთვის შევიმუშავეთ "ფულ სქრინ რიჩ" მედია ბანერი. ეს სისტემა უკვე საკმაოდ პოპულარულია სომხეთში. გასული წლის ბოლოდან ჩვენთან ასევე მჭიდროდ მოიკიდა ფეხი ვიდეორეკლამამ და მობილურმა რეკლამამ.

მარი ჯავახიშვილი