"ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ სახელმწიფოს ვალი არასოდეს ჰქონია" - თამაზ გაიაშვილი

"ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ სახელმწიფოს ვალი არასოდეს ჰქონია. რაც შეეხება სხვა ვალებს, მათი ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობას არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება კრედიტორთა საბჭომ მიიღო და სასამართლომ დაადასტურა",- ამის შესახებ განცხადებას Georgian Airways-ის მფლობელი, თამაზ გაიაშვილი ავრცელებს.

როგორც ის წერს, "ქართულ პოლიტიკაში ძალიან გახშირდა დაუსაბუთებელი ბრალდებებით აპელირება", რასთან დაკავშირებითაც ის განმარტებებს აკეთებს.

"ბიზნესპრესნიუსი" განცხადების ნაწილს გთავაზობთ:

"1. რუსეთთან ფრენების აღდგენა. ეს საკითხი რამდენჯერმე განვმარტე, თანაც წერილობით. ორ სახელმწიფოს შორის საავიაციო მიმოსვლის საკითხი სცდება ავიაკომპანიის კომპეტენციას და წარმოადგენს სამთავრობო ხელშეკრულების საგანს. ავიაკომპანია მხოლოდ ოპერატორია, რომელიც ხალხს ემსახურება და ახორციელებს მგზავრთა გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით - მათ შორის რუსეთის.

2. რაც შეეხება სამთავრობო ჩარტერულ ფრენებს, ეს საკითხიც სცდება ავიაკომპანიის კომპეტენციას. ამას ამომწურავი პასუხი გასცა სამთავრობო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, ვის კომპეტენციაშიც იგი შედის.

3. ავიაკომპანიისთვის ვალების ჩამოწერა.

ეს საკითხიც რამდენჯერმე განვმარტე, ასევე წერილობით. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ სახელმწიფოს ვალი არასოდეს ჰქონია. რაც შეეხება სხვა ვალებს, მათი ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობას არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება კრედიტორთა საბჭომ მიიღო და სასამართლომ დაადასტურა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ვალების ჩამოწერის საკითხი მთავრობის კომპეტენციაში არ შედის. გახარიამ ეს თუ არ იცის, მაშინ მისი კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დგება, ხოლო თუ იცის და მაინც ამას ამბობს, ასეთ შემთხვევაში იგი პროვოკატორი და ცილისმწამებელია, ვისაც საზოგადოება მიზანმიმართულად შეყავს შეცდომაში",- წერს გაიაშვილი.

ნინი ქეთელაური