აშშ ქაღალდის ვიზებზე უარს ამბობს

ევროკავშირის შემდეგ, სავიზო სისტემის მოდერნიზებას აშშ-იც გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულტაციო ბიურომ ტრადიციული ვიზის ნაცვლად ციფრულ ვიზაზე ნებართვის მიღება დააანონსა.

როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ სავიზო სერვისებში, ჯული სტაფტმა განაცხადა, სავიზო რეფორმის საფუძველი დუბლინში, აშშ-ს საელჩოში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები გახდა.

მისი თქმით, მათ ჩაატარეს პირველი მცირე საპილოტე პროექტი, რომელმაც აჩვენა, რომ ციფრული ვიზის პროცესი იგივეა, ერთი განსხვავებით, რომ თავად ქაღალდის სტიკერი არ არის დამაგრებული პასპორტში.

აშშ-ის ელექტრონული ვიზების შესახებ სიახლემ კითხვები გააჩინა. ყველაზე ხშირად ინტერესდებიან, შეიცვლება თუ არა ვიზაზე განაცხადის პროცესი. მედიის ბრიფინგზე ჯული სტაფტმა დაადასტურა, რომ სავიზო პროცესი იგივე დარჩება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციფრული ვიზის გამოჩენა არ ნიშნავს პერსონალური სავიზო ინტერვიუს გაუქმებას.

თუმცა, ფაქტია, რომ ციფრული ვიზების ინიციატივა, სავარაუდოდ, მაქსიმალურად გაამარტივებს ვიზის განახლების პროცესს და აშშ-ის მისიებში ფიზიკური დოკუმენტების გაგზავნის აუცილებლობას გადამოწმებისთვის აღმოფხვრის. ამ გზით კი ვიზის განახლების პროცესი უფრო ეფექტური და მოსახერხებელი გახდება.

გარდა ამისა, შემცირდება რისკები, რომლებიც აშშ-ის ვიზის ბეჭდით დაბეჭდილი პასპორტების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან არის დაკავშირებული.

ცნობილია ისიც, რომ ქაღალდის ვიზებიდან ციფრულზე გადასვლა სწრაფი არ იქნება. ციფრული სავიზო სისტემის უფრო ფართო მასშტაბით დანერგვას, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, მინიმუმ 18 თვე დასჭირდება.

ეკა დარჩიაშვილი