"ემ ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს

კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესსაქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს, დიპლომატიურ კორპუსსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.

გოძიაშვილი ხვალ კომპანიის ოფისში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.  როგორც "ემ ენ ჯორჯიაში" განაცხადეს, გოძიაშვილი იმ ფაქტებზე ისაუბრებს, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების წევრების მიერ ბიზნესში ჩარევა და რატომ და ვისგან ჰქონდა გიორგი გახარიას უფლებამოსილება გადაეწყვიტა, რომელი კომპანია იმუშავებდა და რომელი – არა. მათივე ცნობით, გოძიაშვილი ისაუბრებს, თუ როგორ ფუნქციონირებს მარგანეცის ბიზნესი დღეს შავი სქემით და როგორ ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და ადგილობრივი მოსახლეობა ამ სქემით. ასევე დიპლომატიურ კორპუსს და უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ჩართულობის თხოვნით მიმართავს.

როგორც "ემ ენ ჯორჯიაში" აცხადებენ, კომპანია ითხოვს, "ემ ენ ჯორჯიას" ექსკლუზიური ხელშეკრულების გაგრძელებას, მას შემდეგ, რაც დღეს მომუშავე კომპანიებს ვადა ამოეწურებათ და ზარალის ანაზღაურებას.