ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86%-ით გაიზარდა

ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86% - ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133,732 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ნოემბერი 71,746- მგზავრი).

მათი ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვანი ზრდაა ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც და 56% ზრდა დაფიქსირდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ნოემბერი 268 რეისი).

qutaisi2-1702024182.jpg

„რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,514,280 მგზავრი გაატარა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 665,732 მგზავრი).

ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4,504 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ნოემბერი 737,478 რეისი).

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები - 18 ქვეყნის 35 მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.